ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
ჭკადუა ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტებს, რომლებიც სხვებს უვლიან, მოუწოდებს სურათები გაუგზავნონ.
ხელოვანი აპირებს მოაწყოს გამოფენა და ხალხს ანახოს, რამდენად რთულ პირობებში უწევთ ამ ადამიანებს, ოჯახების რჩენა.
“მეგობრებო ვაპირებ ახალი ნახატების სერიაზე მუშაობას. ალბათ გახსოვთ, რომ ჩემი პორტრეტებით და ტექსტებით წინა ნახატებში ვეხებოდი საქართველოს პრობლემას რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2010-წლიდან მე და ჩემმა ძმამ გოჩამ თბილისში დავიწყეთ პროექტი სახელით Alien Bloom, რომლის ფოტოებიც თქვენ ხშიარად გინახავთ ჩემს FB გვერდზე და რომლის მიზანია რომ მივაღწიოთ საქართველოში ყოველდღიური პლასტმასის ბოთლების ცალკე შეგროვებას და გადამუშავებას – recycling ქარხნის აშენებას. როგორც ყველამ ალბათ უკვე ვიცით როგორ შეუქცევადი საფრთხეს უქმნის ჩვენს ფაუნას ბუნებაში გადაყრილი პლასტმასი.
გოჩას მიერ ხელნაკეთი ყვავილების ფონზე დიდი ინსტალაციის ნაწილი იქნება ახალი სერია ქართველების და სხვა ემიგრანტების პორტრეტები თავიან სამუშაოზე მოხუც ადამიანებთან. ამას წინათ მოვისმინე ქართველების დებატები, სადაც მათ “ტრაკის საწმენდად ” საზღვარგარეთ წასული უწოდეს და სამწუხაროდ ამ დებატებში ამ ნაწილს არავინ არ გამოეხმაურა.
მინდა ნახატებში პატივისტემა დავაფიქსირო სწორედ ამ “ტრაკის მწმენდავების” მიმართ: ტრაკის წმენდა მართლა ურთულესი საქმე უნდა იყოს ფსიქოლოგიურად, მით უმეტეს, როცა ეს ტრაკი უცხო და არა ნათესავი ადამიანის არის. (მითუმეტეს როცა “კაპიკებს” უხდიან, მაგალითად იტალიაში). ჩემი შეხედულებით ეს არის ზედმიწევნით კეთილშობილური საქმე – მოვლა ლოგინად ჩავარდნილი ადამიანის… ამაზე მეც პირველად დავფქრდი როცა საკუთარი მამა წავიყვანე იამაიკაში მისი ცხოვრების ბოლო თვეებში და იქ მარტო ვუვლიდი 24 საათი. ამ ცხოვრებისეულმა ექსპერიმენტმა თავმდაბლობა მასწავლა — მაგარი თვისებაა!
მინდა, რომ მხარდაჭერა ვაჩვენო სამუშაოდ წამოსულ ემიგრანტებს, ვინც მთელ ოჯახს ინახავს საქართველოში ამ რთული შრომით. გარდა ამისა, ამერიკელ მაყურებელს ვაჩვენო ადამიანები, ვინც მათ დედ – მამას უვლიან დღე და ღამე და ვისაც დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი დეპორტაციას უპირებს სხვა ქვეყნის ემიგრამტებთან ერთად და ართულებს ახალი ემიგრანტების მიღებას.
გამომიგზავნეთ ფოტოები პირად მესენჯერში ასეთ და სხვა მძიმე სამუშაოზე თუ მუშაობთ,” – წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვარი ეთერ ჭკადუა.