LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორ წელზე მეტია ვცხოვრობ ევროპაში, კერძოდ ნიდერლანდებში. როგორც იტყვიან, ყველაზე გარყვნილ ქვეყანაში, მაგრამ მე ეს გარყვნილება აქ არ მინახავს“ – ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი

296
თამარ ბარათაშვილი

ნიდერლანდებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თამარ ბარათაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ორ წელზე მეტია რაც ევროპაში ცხოვრობს.

ემიგრანტი თავის გამომწერებს ევროპაში ცხოვრების დეტალებს უზიარებს და წერს, რომ 

ნიდერლანდებში სამ დღეს მუშაობენ და ეს დრო საკმარისია საცხოვრებლად. დანარჩენ დროს კი ოჯახს უთმობენ, რომელიც მათთვის წმინდაა:

„ორ წელზე მეტია ვცხოვრობ ევროპაში. კერძოდ ნიდერლანდებში. როგორც იტყვიან, ყველაზე გარყვნილ ქვეყანაში. მაგრამ მე ეს გარყვნილება აქ არ მინახავს.

აქ პირველად ექიმთან რომ მივედი, მან მკითხა კვირაში რამდენი დღე მუშაობო. რომ ვუთხარი ხუთი, კი გაოცდა, აქ უმეტესობა სამ დღეს მუშაობსო. სამ დღეს მუშაობენ და ეს საკმარისია საცხოვრებლად. დანარჩენ დროს ოჯახს უთმობენ.

ოჯახის დრო წმინდაა. ყველა თავისი ოჯახითაა დაკავებული. ბებია-ბაბუები რომ მოდიან, ეს ცალკე რიტუალია და ყველა დიდი სიამოვნებით ერთად ატარებს დროს.

ბებია-ბაბუები ცალკე ცხოვრობენ, იმიტომ რომ მათ თავისი ცხოვრება აქვთ. პენსიონერებისთვის აქ არის ბევრი კლუბი და ზოგ კაფეში მხოლოდ პენსიონერები დადიან. ბევრ პენსიონერს დაინახავთ მუზეუმში, თეატრში თუ პარკში. სიარული თუ უჭირთ, ეგეც არ არის პრობლემა, ლიფტებია ყველგან ან ესკალატორები. ასევე არ შემხვედრია პენსიონერი, რომელიც თავისი შვილების ხარჯზე იცხოვრებდა. თავისი საკმარისი პენსია აქვთ.

შშმ პირებისთვისაც მარტივია გადაადგილება, პანდუსები და ლიფტებია ყველგან.

ყველას თავისი რწმენა აქვს, ქრისტიანები ეკლესიებში დადიან, მუსულმანები მეჩეთებში, იუდეველები სინაგოგებში.

ბევრ ადგილას არის პატარა კარადები, სადაც ნებისმიერს შეუძლია დატოვოს გრძელვადიანი პროდუქტები, რომ შემდგომში ვისაც სჭირდება, ის აიღებს. ვისაც აქვს საკმარისი, ის არ იღებს. მე ასე არაერთხელ დამიტოვებია, რაც მიყიდია, მაგრამ არ მომწონებია.

ბაზარზე არსებული ბინების ქირაობა საკმაოდ ძვირია, თუმცა არსებობს სოციალური საცხოვრებელი, რომელზეც სპეციალური დაბალი ფასი არის დადებული, და შემოსავალი თუ დაბალი გაქვს, შენ ამ საცხოვრებელში რჩები. როდესაც ახალი კორპუსები შენდება იქიდან 25% აუცილებლად ამ სოციალურ საცხოვრებელს უნდა დაეთმოს.

ყველას აქვს დაზღვევა და ოჯახის ექიმი აუცილებლად სახლთან ახლოს უნდა გყავდეს, იმ შემთხვევებისათვის, ცუდად რომ ხარ და ექიმთან მისვლა რომ არ შეგიძლია, ექიმი რომ მოვიდეს შენთან. ხალხი იმდენად ჯანმრთელია აქ ზოგადად, რომ სასწრაფო მესმის კვირაში ერთხელ და ინსულინრეზისტობის ცნებაც კი არ არსებობს.

ხელფასთან ერთად აქ არის ასევე საშვებულებო თანხა, რომელიც დამატებით წელიწადში ერთხელ გერიცხება, შენ ოღონდ შვებულებაში წადი. ზეგანაკვეთურად არავინ მუშაობს და თუ მუშაობს აუცილებლად ან უქმე დღით ხდება ამის ანაზღაურება ან ფულადი კომპენსაციით.

ნაციონალიზმი აქ არ არის. იციან რომ არის სფეროები სადაც თვითონ მუშაობა არ უნდათ და იციან, რომ ამისთვის სხვა ქვეყნებიდან უნდა ჩამოვიდნენ და იმუშაონ. სხვაგვარად ქვეყანა უბრალოდ გაჩერდება და მათთვის საკმარის დოვლათს არ შექმნის.

აქ არ არის არც ქალთა დღე და არც ოჯახის დღე. იმიტომ რომ ისედაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემს და ოჯახის დრო ყოველთვის წმინდაა და ხელშეუხებელი“- წერს თამარ ბარათაშვილი.

ორ წელზე მეტია ვცხოვრობ ევროპაში. კერძოდ ნიდერლანდებში. როგორც იტყვიან, ყველაზე გარყვნილ ქვეყანაში. მაგრამ მე ეს…

Posted by Tamar Baratashvili on ორშაბათი, 20 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები