LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმალური ხელფასი განისაზღვროს საწყის ეტაპზე საშუალო ხელფასის 40%-ის ოდენობით – პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტით მიმართავს

121
ფორტუნა (51)

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, პროფესიული კავშირების გაერთიანება უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართოს კანონპროექტით, რათა მინიმალური ხელფასი საწყის ეტაპზე საშუალო ხელფასის 40%-ით ოდენობით განისაზღვროს.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, რომ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია 20-ლარიანი მინიმალური ხელფასით მოხდეს, რაც ახლა კანონით არის გათვალისწინებული.

„საქართველოში მინიმალური ხელფასის სტანდარტი უკიდურესად დაბალი გვაქვს, ეს არის თვეში 20 ლარი, რის გამოც ჩვენ ევროპაში ბოლო ადგილზე ვართ და მთელ მსოფლიოში ბოლოდან მეოთხე ადგილზე.

ცხადია, 20 -ლარიანი მინიმალური ხელფასი ვერ აკმაყოფილებს იმ გამოწვევებს, რომელიც ადამიანებს გააჩნიათ. სწორედ, ასეთი მინიმალური ხელფასის ძალიან დაბალი სტანდარტის გამო ძალიან მაღალი უთანასწორობა გვაქვს შრომით ბაზარზე, მათ შორის, სახელფასო და სქესობრივ ჭრილში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მისი გადახედვა არის აუცილებელია. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ამ კუთხით მივმართოთ. ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს იმას, რომ მინიმალური ხელფასი განისაზღვროს საწყის ეტაპზე საშუალო ხელფასის 40%-ით ოდენობით. თქვენ იცით, რომ საშუალო ხელფასი გამოითვლება ყოველ თვეში და შესაბამისად, დღევანდელი მონაცემით ეს არის 636 ლარი. თუ გვაინტერესებს, როგორია ევროპული პრაქტიკა ამ მიმართულებით, ევროკავშირის სტანდარტით საშუალო ხელფასის არის 50-60%-ია.

საქართველოში დაახლოებით 13 ათასი ადამიანი ხელზე ასაღებ თანხას 80 ლარს და ნაკლებს იღებს. ჩვენ საქართველოში გვყავს 135 ათასი მოქალაქე, რომელიც იღებს უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე თვეში არის 400 ლარი. შესაბამისად, ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივით ვიმედოვნებთ, რომ დაიფარება დასაქმებულთა ყველაზე მოწყვლადი კატეგორია და ეს ყველაზე კარგი საშუალება იქნება სახელფასო სხვაობის შემცირების, ასევე გენდერული ნიშნით”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავარია, რომ ბიზნესის და მთავრობის წარმომადგენლებმა პრობლემის არსი დაინახონ და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგან.

„როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ და ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმაზე, წარმოუდგენელია ის, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია მოხდეს 20 ლარიანი მინიმალური ხელფასით. მთავარი ღირებულება ევროკავშირის არის ადამიანის უფლებებზე ორიენტირება.

ვერ ვიტყვით, რომ ამ საკითხის მიმართ ბიზნესს განსაკუთრებული მიმღებლობა აქვს, ვფიქრობთ, რომ სათანადოდ პრობლემა დანახული მათ არ აქვთ.

ასევე, ვერ მოგატყუებთ და ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული მონდომება მთავრობის მხრიდან არის ამ კუთხით ცვლილებები განხორციელდეს. ძირითადად, ჩვენ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. მთავარი, რომ ჩვენ ხელისუფლებასაც და ბიზნესიც დავანახოთ, რომ ეს არის ნომერ პირველი პრობლემა და ჩვენი მთავარი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ ასეთ პირობებში დაძლევადი იქნება. მე, რომ ვთქვა, რომ ამისთვის ნიადაგი მზად არის და სახელმწიფოსაც და ბიზნესსაც ამის მზაობა აქვს, ეს ასე არ არის, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით, ეს შესაძლებელია”, – განაცხადა რაისა ლიპარტელიანმა.