საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) „მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის განხორციელებას რეგიონებში იწყებს.
სემეკ-ის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ 11 კომპანიაში შემოწმდება, თუ რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს კომპანიების მიერ მომხმარებლისათვის გაწეული მომსახურების ხარისხი. იმ შემთხვევაში, თუ კვლევის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებს კომპანიები განსაზღვრულ ვადებში არ აღმოფხვრიან, კომისია მათ წინააღმდეგ საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს.
„მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის ფარგლებში შემოწმდება შემდეგი მომსახურებები: ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთება; სიმძლავრის გაზრდა; აბონენტის მიერ პირადი ინფორმაციის მოთხოვნა; მომარაგების ტექნიკური ხარისხის შემოწმება; ელექტრონული ქვითარი და ტექსტური შეტყობინება; გადაუხდელობის გამო მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა; გეგმიური წყვეტა; ქოლ-ცენტრის მომსახურება.
სემეკ-ის ცნობითვე, კვლევით გათვალისწინებულია შემდეგი კომპანიების შემოწმება: 1. სს „თელასი“; 2.სს „ენერგო პრო ჯორჯია“; 3. შპს „ყაზტრანსგაზ თბილისი“; 4. შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“; 5. სს „საქორგგაზი“; 6. სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“; 7. შპს „ინტერგაზი“; 8. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“; 9. შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“; 10. შპს „ბათუმის წყალი“; 11. შპს „რუსთავის წყალი“.
შეგახსენებთ, სემეკმა „მისტიური (იდუმალი) მომხმარებლის“ პროექტის განხორციელება ქ. თბილისში 2017 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებზე, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაციები და განესაზღვრათ ვადები დარღვევების აღმოსაფხვრელად.