LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ განკვეთილი ბერი: ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს, არ ვიცი, თუმცა ნებით არ დავთმობ – ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა

183
სალხინოს მონასტრის წინამძღვარი მამა დანიელი

სასულიერო პირები, რომლებიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეკლესიიდან განკვეთა, ბრძანების შესრულებას და კელიების დატოვებას არ აპირებენ.

როგორც სალხინოს მონასტრის წინამძღვარმა, მამა დანიელმა ჟურნალისტებს უთხრა, მეუფე სტეფანეს ბრძანება არანაირ კანონიკაში არ ჯდება.

„ბერობა არის აღთქმის დადება. მე რომ ღმერთს სიტყვა შევფიცე, ეგ როგორ უნდა ამიკრძალოს და ჩემი ცხოვრების წესში როგორ უნდა შემოვიდეს სტეფანე? ეს არავის შეუძლია.

ბერობიდან განყენება დედამიწაზე არ მომხდარა, არაკანონიკურია. მკვდარიც რომ ვიყო, ბერი ვიქნები. ძალით თუ მოვლენ და შემომახევენ სამოსს ეგ არ ვიცი, თუმცა, ამასაც არ დავთმობ“, – თქვა მამა დანიელმა.

ბალდის მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი მამა ათინოგენე კი ითხოვს მონასტერში მეუფე სტეფანე თვითონ მივიდეს და სასულიერო პირებს დაელაპარაკოს.

„ეს კაცი თუ ამ ცრუ არსების, მისი ნების და განკარგულების აღსრულებას დაიწყებს, მოვიდეს, ჩაგვხედოს თვალებში! თუ ის ქრისტიანია და თავის თავში ღირსებას ატარებს, მოვიდეს და დაგველაპარაკოს“, – აღნიშნა მამა ათინოგენემ.

შეგახსენებთ, რომ განკვეთილ ბერებს დღეს ეპარქიის ეკონომისტი, დეკანოზ ტარიელ რუხაძე შეხვდა. როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ბერებს კელიების დატოვებას დღეს არავინ მოსთხოვს, თუმცა, მომავალში რა მოხდება, ეს მეუფე სტეფანეს გადასაწყვეტია.

„ეს ბრძანება მე გუშინ გადმომცეს და დღეს აქ გამომიშვეს. მაქვს კურთხევა და ეს კურთხევა უნდა აღვასრულო კარგად თუ ცუდად. თუ მოხერხდა, მეგობრულად დაველაპარაკები. თუ არადა, ჩემი საქმე მაქვს გასაკეთებელი.

ღვთის წინაშეც მართალი უნდა ვიყო, ჩემი ეპისკოპოსის წინაშეც და ჩემი სინდისის წინაშეც. დღეს არავინ მოსთხოვს მათ კელიების დატოვებას. მომავალში ეპისკოპოსი გადაწყვეტს, რას იზამს“, – აღნიშნა ტარიელ რუხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

არსებული ინფორმაციით, ჭყონდიდის ეპარქიაში ბერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება დეკანოზის მიერ ბერებისთვის მეუფე სტეფანეს ბრძანების გაცნობამ გამოიწვია, რის მიხედვითაც, ობიექტები უნდა დაილუქოს, შემდეგ კი აღწერა დაიწყოს.

სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცავებიც.

magti 5g