საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებს შეხვდა და წარმატებები უსურვა.
პრემიერმა სტუდენტებს, სასურველი მიზნების მისაღწევად თავდადებისა და თავგანწირვისკენ მოუწოდა და დასძინა, რომ ყოველი მიღწეული წარმატება მათ სასურველ მიზანთან აახლოებს.
მისი განცხადებით, „თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს მიაღწევს“.
„ჩემი გამოცდილებიდან, მეც ახალგაზრდა ვარ და მეც ბუნებრივია, ადრეულ ასაკში მომეცა შესაძლებლობა, რომ ჩავრთულიყავი სახელმწიფო სამსახურში, მანამდე მე ვმუშაობდი კერძო სექტორში, მოგეხსენებათ და ჩემი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ, ასე ვთქვათ, მიიღეთ ჩემი თავმდაბალი რჩევა, მივცემ ამის უფლებას თავს – ყველაზე მთავარი, რაც მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ასე ვთქვათ, რამაც განაპირობა შემდგომი წარმატებები არის შემდეგი. რამდენიმე გასაკეთებელ საქმეს გამოვყოფ.
პირველი, ეს არის – თავდადება და თავგანწირვა. თუ ადამიანმა, სტუდენტმა, ახალგაზრდამ პირველ რიგში, მიზანი არ დაისახა, ისე რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, უსაზღვრო განათლება მიიღოს, მაგრამ ეს განათლება და ნიჭი ვერ გამოიყენოს. ჩემი თავმდაბალი რჩევა იქნება, რომ ჯერ მკაფიოდ ჩამოყალიბდეთ მიზანზე – თქვენი მიზანი უნდა იყოს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა იყოს თვენი მთავარი ოცნება, თქვენი მისაღწევი უდიდესი მიზანი. გირჩევთ, რომ ეს ასწიოთ უმაღლეს დონეზე. არ უნდა დაიწყოთ პატარა მიზნით, დაიწყეთ ყველაზე დიდი მიზნით.
მეორე, რაც მინდა გირჩიოთ, არის თავდადება – ამ მიზნისკენ მუხლჩაუხრელი, 24 საათიანი შრომა. ყოველი ჩვენი მიღწეული წარმატება, იქნება ეს პირველი კურსის დამთავრება, მეორე კურსის დამთავრება, ჩვენს წარმოსახვაში უნდა გვაახლოვებდეს ამ მიზანს. ჩვენ თუ ამ სულისკვეთებით ვივლით, ყველა მიაღწევთ დიდ ოცნებას და მიზანს. იმიტომ, რომ მიუღწეველი არაფერია, თუ ადამიანი დაისახავს მიზანს, ის ყველაზე წარმოუდგენელ ოცნებას და მიზანს მიაღწევს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.