„ზამთრის კურორტი სვანეთი ჯერ არ არის და ეს იმის მიუხედავად, რომ კარგი ბუნებაა, სასრიალო ტრასები და კარგი ინფრასტრუქტურაა“, – ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აცხადებს. ის „ბიზნესპარტნიორთან“ ზამთრის საკურორტო სეზონის ტენდენციებზე საუბრობს.
გურჩიანი სვანეთში, ბაკურიანის და გუდაურის მსგავსს აქტივობას ზამთრის სეზონისთვის არ ელოდება.
„მთელ სვანეთში დასასვენებლად რომ ერთდროულად 200 კაცი ჩამოვა, ეს ამინდს ვერ ქმნის. სვანეთამდე შორი გზაა, თბილისიდან 8-9 საათია საჭირო და ფაქტობრივად, 2 დღე გზაში გეკარგება, არავის უნდა ამხელა გზაზე სიარული. ამიტომ ვითხოვდით ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობას, რომლის პროექტიც წლების წინ გაკეთებული იყო და მასში 5 მილიონი დოლარია დახარჯული. სამწუხაროდ, ახლა ეს პროექტი ყველამ დაივიწყა, წინასაარჩევნო დაპირებებშიც კი არ იყო,“ – აცხადებს გურჩიანი „ბიზნესპარტნიორთან“.
სასტუმრო „გისტოლას“ დამფუძნებლის თქმით, გუდაურს და ბაკურიანს მაინც თბილისი ტვირთავს, თბილისიდან საათ-ნახევარში ადგილზეა ტურისტი.