LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუზიკლის “სამგროშიანი ოპერის” პრემიერა გაიმართა

670
80038592-2374149556181751-1908163938508341248-o

ინტეგრირებულმა თეატრმა „აზდაკის ბაღმა“  მიუზიკლი „სამგროშიანი ოპერა“ მაყურებელს წარუდგინა. პრემიერა 20 დეკემბერს აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში შედგა.

„სამგროშიანი ოპერა“ გერმანელი დრამატურგის, ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოების  მიხედვით  რეჟისორმა ივანე გაბრუაშვილმა დადგა. მიუზიკლში 17 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი და 15 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობდა. რამდენიმეთვიანმა მუშაობამ მსახიობები სხვადასხვა თეატრებიდან გააერთიანა: რუსთაველის, დუმბაძის, სოხუმის მოზარდ მაყურებლთა, გორის თეატრის, არტ ჰოლის, „სინთეზისა“ და მოძრაობის თეატრიდან.

მუსიკალურ-სცენურ ნაწარმოებში ინკლუზიური ცეკვა, სიმღერა და სამსახიობო ოსტატობაა გაერთიანებული. მონაწილეები ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟების მეშვეობით სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობენ. მსახიობები მათი გმირების სულიერ და გარეგნულ სახეებს წარმოადგენენ. სპექტაკლში ილუზიონისტი ნიკა ვადაჭკორიაც მონაწილეობდა, რომელმაც სასცენო დადგმა ფოკუსებით გააფორმა.

პროექტი  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და შემოქმედებითი კავშირის „საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ მხარდაჭერით  განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ „სამგროშიანი ოპერის“ მორიგი ჩვენება ქართული თეატრის დღესთან დაკავშირებით 14 იანვარს შედგება. „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ დიდ ღონისძიებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მიუზიკლი დაიდგმება.

 

 

mazda magti 5g