LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღე სმს-ი, რომ აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დავანებო – მუქარა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე

65

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას განცხადებით, მას ემუქრებიან.  გოგიამ “რუსთავი 2” – თან  აცახდებს, ახმეტელის თეატრი ჩაერთო კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. მისივე თქმით, ეს იყო სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველებისა და აფხაზების სერიოზული დაახლოება შემოქმედებითი პროცესის ირგვლივ. როგორც გოგიამ განმარტა, აფხაზები მეგობრულად ჩაერთვნენ ამ პროექტში. ის ზეწოლას სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს.

მან მუქარები მესიჯის სახით მიიღო, სადაც პირდაპირ მოითხოვენ, რომ ირაკლი გოგიამ შეწყვიტოს აფხაზებისა და ქართველების დაახლოება და ზოგადად ამ საკითხში რაიმე სახით ჩარევა.

სამხატვრო ხელმძღვანელისთვის გამოგზავნილ მუქარის შემცველ sms-სთან დაკავშირებით რეაგირება უკვე მოახდინა ახმეტელის თეატრის დასმა. მსახიობებმა უკვე შეიმუშავეს საგანგებო განცხადება, რომელსაც განათავსებენ როგორც სოციალურ ქსელში, ასევე, გაუგზავნიან შესაბამის უწყებებს.

თეატრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ამაზე რეაგირებას მოახდენს და ახმეტელის თეატრს მხარში დაუდგება.

დასის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი თეატრი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მთელი სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლებმა. ოსლოს მშვიდობის ინსტიტუტის დამაარსებლის იოჰან გალტუნგის სიტყვებით ეს იყო 1992 წლის მერე ყველაზე წარმატებული სამშვიდობო პროექტი, რომელმაც გამოიწვია ქართველების და აფხაზების სერიოზული დაახლოება შემოქმედებითი პროცესის ირგვლივ.

ჩვენი ქმედებები იყო სრულიად გამჭვირვალე და არანაირად არ იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილი.

ჩვენ ყველგან ხაზს ვუსვამდით, რომ ეს არის ადამიანური ურთიერთობის აღდგენის პროცესი. ამ პროცესში ჩვენი მედიატორი ინდოეთის მაჰათმა განდის ფონდი.

ირაკლი გოგიამ მის კოლეგებთან ერთად ეს პროცესი ძალიან წარმატებულად წარმართა. რასაც ხელშესახები შედეგები მოჰყვა. აფხაზები მეგობრულად ჩაერთნენ პროექტში, ეს უაღრესად პოზიტიურად შეაფასეს მსოფლიოში იმ დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა და მშვიდობის დარგის ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. ამ პროცესის ფონზე ძალიან საგანგაშოა რომ ირაკლი გოგიას მისამართით დღეს პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე გაისმა კონკრეტული მუქარები სმს-ების სახით. მანამდეც ჰქონდა მუქარებს ადგილი.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მოუწოდებენ, აფხაზებთან ურთიერთობებს თავი დაანებოს.

ჩვენ, ახმეტელის თეატრის დასი ვდგავართ სამხატვრო ხელმძღვანელის გვერდით. მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, რომ გამოიძიონ ვინ დგას ამ მუქარის უკან და რა ჯგუფების ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ირაკლი გოგიას ასე დაშინება.

ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ვიღაც არ გვპატიობს აფხაზებთან შემრიგებლურ პოლიტიკას. შესაძლოა, ეს იყოს ოკუპირებულ საზღვარზე კონტრაბანდაში ჩაბმული რუსული სპეცსამსახურების კვალი!

ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს ქართული სახელმწიფოსი და ხელისუფლების გვერდში დგომის, ვინაიდან ის რასაც ვაკეთებთ ჩვენ, არის დიდი ნაბიჯი წინ საქართველოში პოზიტიური მშვიდობის დამყარებისთვის.

დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ამ მუქარის ავტორებს და ნათელს მოჰფენს ამ სიტუაციას“,- აღნიშნულია განცხადებაში.

magti 5g