16 იანვარს, ღამის 22:00 საათიდან ბათუმში გაუჩინარებულ მოზარდს, 14 წლის ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე ეძებენ – ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია და სამაშველო სამსახურები.
ალექსანდრე მიქელაძის გაუჩინარების საქმეში ჩაერთო ადვოკატი პაატა შავაძეც, რომლის განცხადებითაც, მას ინტუიცია აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ბავშვი ცოცხალია.
16-დღიანი სამძებრო სამუშაოების პარალელურად, ალექსანდრეს ოჯახი მოქალაქეებისგან იღებს არაერთ შეტყობინებას, თუმცა, როგორც მოზარდის დედა, ნათია დიაკვნიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მასთან შესული ინფორმაციები ცრუა და ოჯახს სიახლე არაფერი აქვს.
ნათია დიაკვნიშვილი საზოგადოებას თხოვნით მიმართავს – არავის დაუჯერონ და ენდონ მხოლოდ მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.
„საზოგადოება ძალიან აქტიურია და მარტო უცხო ნომერს ვპასუხობ. ახლობლებს არც ვპასუხობ იმის გამო, რომ ვინმეს უცხო ზარი არ გამომრჩეს. ზარი არ შემომივიდეს ამ დროს. შემოდის ინფორმაციები, მაგრამ ყველაფერი ცრუა… მაგალითად, მირეკავენ, რომ ვიღაც მიამსგავსეს ალექსანდრეს, ზოგი ფოტოებს მიგდებს, მაგრამ არ ემთხვევა არაფერი. ზღვა რაოდენობის შეტყობინება შემომდის, სადაც მოვკრავ თვალს ფოტოს, ყველაფერს ვამოწმებ.
ვიცი, რამხელა ინტერესია საზოგადოებაში, ყველას აინტერესებს, ბევრჯერ დაიწერა, თითქოს ალექსანდრე ვიპოვეთ, მივმართავ საზოგადოებას, არავის დაუჯერონ, დაუჯერონ მხოლოდ ჩემ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. საზოგადოების დიდი ინტერესია და არ მოვეკიდები ამ დამოკიდებულებას გულგრილად. როგორც კი გამოჩნდება ჩემი შვილი, მე დავწერ ჩემი შვილის პოვნაზე ინფორმაციას. ოღონდ რაიმე კვალი მაპოვნინა და ბავშვი მაპოვნინა, ორ სიტყვას მაინც დავწერ, რომ ვნახე ალექსანდრე. შეიძლება დეტალები არ დავწერო, მაგრამ რომ ვიპოვი, ამას აუცილებლად დავწერ!
დეტალები შემდეგ, მთავარია ჩემი შვილი ვიპოვო. მთელი საქართველოს მასშტაბით ვეძებთ, მათ შორის, თბილისშიც, რადგან მე თბილისში ვცხოვრობ. ადამიანი როცა სადღაც იმალება, მთელი საქართველოს მასშტაბით ამიტომ ვეძებთ. მართლა არ ვიცი, სად შეიძლება იყოს. მეთოთხმეტე დღეა ვეძებთ“, – ამბობს ნათია დიაკვნიშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში, რომელსაც სრულად წაიკითხავთ აქ.