დაახლოებით, ერთი წელია, რაც ოპტიკურმა კომპანიამ „რონიკო“ საქართველოს ბაზარზე ინოვაციური სასათვალე ლინზები „MiYOSMART“ შემოიტანა. ისინი მიოპიის პროგრესირების მარტივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად შენელებისთვის იაპონურმა კომპანიამ „HOYA Vision Care“ ჰონგ-კონგის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა. ამ ლინზებისა და უკეთესი მხედველობის წყალობით ბავშვებს უფრო მეტად შეუძლიათ დატკბნენ ცხოვრებით.
მარიკა ცერცვაძე, „რონიკოს“ ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი:
– მიოპია, ანუ ახლომხედველობა დღეს ნამდვილად სერიოზული და აქტუალური პრობლემაა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მდგომარეობა, როცა თვალი კარგად ხედავს ახლოს და ცუდად ხედავს შორს. ამ მდგომარეობის გამო თვალი არის სულ დაძაბული და ფოკუსი არის თვალს უკან, რაც იწვევს თვალის ღერძის ზრდას, შესაბამისად, ბავშვთან ერთად იზრდება მინუსიც. ეს პრობლემა აქტუალური გახდა ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე – ყველანი, განსაკუთრებით ბავშვები, დიდ დროს ვატარებთ გაჯეტებთან, ოთახში, რაც იწვევს მიოპიის ზრდას. ამბობენ, 50 წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობის, დაახლოებით, ნახევარს ექნება ახლომხედველობა. განვითარებულ ქვეყნებში (მაგალითად, იაპონია, სამხრეთ კორეა) ბავშვების 95%-ს აღენიშნება მიოპია. უნდა აღინიშნოს, რომ მინუსი ეს არ არის მხოლოდ სათვალის ნომრის ზრდა, ეს არის თვალის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ბადურის ჩამოშლა, ბადურის ნახეთქები, სისხლჩაქცევები ბადურაზე, გლაუკომა და კატარაქტა, რაც საბოლოოდ მხედველობის შეუქცევად დაკარგვას იწვევს. ახლომხედველობის პრობლემასთან გასამკლავებლად „რონიკოს“ ქსელში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუშაობს იაპონურ კომპანიასთან „HOYA“, რომელმაც შექმნა უნიკალური სასათვალე ლინზები „MiYOSMART“. ამ სასათვალე ლინზებს შეუძლიათ მიოპიის მენეჯმენტი, ანუ მართვა. ეს არის ახალი განხრა მედიცინაში, რადგან თუკი ადრე მხოლოდ სათვალეს ვნიშნავდით, ახლა მდგომარეობა უნდა ვმართოთ და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მიოპია შევაჩეროთ. სასათვალე ლინზა „MiYOSMART“ 9 წელია, რაც შეიქმნა, თუმცა მის ბაზარზე გამოტანამდე იაპონელმა კოლეგებმა ბევრი კვლევა ჩაატარეს იმისთვის, რომ დაემტკიცებინათ, რამდენად სასარგებლოა ეს ლინზები, რამდენად აჩერებს მინუსის განვითარებას. ამ კვლევების შედეგად დადგინდა, რომ „MiYOSMART“-ის სასათვალე ლინზების ყოველდღიურად გამოყენება, საშუალოდ, 60%-ით ანელებს მიოპიის პროგრესირებას.

– რა ასაკში უნდა მივიყვანოთ ბავშვი ოფთალმოლოგთან იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს ახლომხედველობის პრობლემა?
– უპირველესად, აღვნიშნოთ, რომ ჯანმრთელი ბავშვი იბადება +3 მხედველობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ახლოს კარგად ვერ ხედავს. ამიტომაცაა, რომ სათამაშოები უნდა იყოს დიდი ზომის და ფერადი. როცა პატარა ბავშვს ვაძლევთ ტელეფონს, წარმოიდგინეთ, როგორ უნდა დაძაბოს მხედველობა, რომ ეკრანზე პატარა ზომის გამოსახულება დაინახოს. ეს, ცხადია, იწვევს თვალის ე.წ. სპაზმს, რაც ხდება მიოპიის განვითარების საფუძველი. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასკოლო ასაკამდე ბავშვებისთვის გაჯეტების მიცემა. თუ ბავშვი ჯანმრთელია და მშობლებიც ჯანმრთელები ჰყავს, ანუ გენეტიკა არ არის ახლომხედველობის პრობლემით დატვირთული, ბავშვი ოფთალმოლოგთან უნდა მივიყვანოთ 1 წლის ასაკში, შემდეგ 3 წლის ასაკში და შემდეგ სკოლის წინ (ეს ე.წ. გაიდლაინები მთელ მსოფლიოშია მიღებული). მაგრამ თუ ბავშვს აქვს ახლომხედველობის პრობლემით დატვირთული გენეტიკა, ოფთალმოლოგთან ჩვილობიდანვე შეგვიძლია მივიყვანოთ. მიოპიის მართვა არ არის მხოლოდ სათვალის ტარება, შეიძლება დაინიშნოს თვალის წვეთებიც, სპეციალური ლინზები, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ექიმის რეკომენდაციით. მთავარია, დროულად დავსვათ დიაგნოზი – რაც უფრო ადრე დავსვამთ დიაგნოზს, მით უფრო მალე შევაჩერებთ მიოპიის განვითარებას.
– რა უპირატესობა აქვს „MiYOSMART“-ის სასათვალე ლინზებს სხვა ლინზებთან მიმართებით და რა სიხშირით არის საჭირო მათი შეცვლა?
– მთავარი უპირატესობა არის ის, რომ არის არაინვაზიური. ბავშვი საერთოდ ვერ გრძნობს მას გამოყენებისას, რადგან ლინზის ცენტრალური ზონა არის გამჭვირვალე, პერიფერიაზე კი ჩაშენებულია ისეთი მიკროლინზები, რომლებიც დეფოკუსირებას უწყობენ ხელს, ეს კი მიოპიას აჩერებს. „MiYOSMART“-ის სასათვალე ლინზები არის მსუბუქი, არ იკაწრება, აქვთ ულტრაიისფერი დაცვაც. რადგანაც ისინი ეფექტურად აფერხებენ მიოპიის ზრდას, სათვალის ხშირად შეცვლა აღარ არის საჭირო. „MiYOSMART“-ის სასათვალე ლინზები განკუთვნილია 3-დან 21 წლამდე ასაკის პირებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია „HOYA“ სერიოზულად მოეკიდა ჩვენს ბაზარზე შემოსვლას, ჩატარდა არაერთი ტრენინგი, ექიმებს სერტიფიკატები გადმოგვცეს. სანამ არ დარწმუნდნენ, რომ „MiYOSMART“-ის სასათვალე ლინზების სწორად გამოწერა შეგვიძლია, მანამდე ისინი საქართველოში არ შემოიტანეს. ასე რომ, „რონიკოს“ ქსელში ნებისმიერ ექიმს შეუძლია სათვალის ნომრის სწორად დანიშვნა.

– მაშინ როდესაც თავად მშობლები ატარებენ დიდ დროს ჭკვიან მოწყობილობებთან, ბავშვები კი მათი ქცევის მოდელის გამმეორებელები არიან, ამ სასათვალე ლინზების გამოყენებასთან ერთად, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ ბავშვის მხედველობის მაქსიმალურად დასაცავად?
– კომპანიას „HOYA“ შექმნილი აქვს სპეციალური, „MiYOSMART“-ის დღიური, რომელსაც ჩვენ სათვალეებთან ერთად გადავცემთ ხოლმე მშობლებს. ამ დღიურში მითითებულია, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა და ბავშვებმა მიოპიის პროგრესის შესაჩერებლად. მათ დღიურში უნდა აღნიშნონ, რა გააკეთეს კონკრეტულ დღეს, რამდენი საათი გაატარეს მონიტორთან და ა.შ. შემდეგ, როდესაც ექიმები ვხვდებით და ხშირად ვხვდებით იმ ბავშვებს, რომლებიც ამ სასათვალე ლინზებს ატარებენ, ვაჯამებთ შედეგებს. ზოგადად კი, აუცილებელია, ბავშვი დღეში, მინიმუმ, 2 საათი იყოს გარეთ, მზის შუქზე, მნიშვნელოვანია აქტიური თამაშები, მშობელმა უნდა შეზღუდოს გაჯეტებთან ყოფნის დრო, გაჯეტებთან მუშაობის დროს კი უნდა დავიცვათ რეჟიმი – ყოველ 20 წუთში 20 წამით უნდა გავიხედოთ შორს (ეს ისედაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ).