თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, კახა კალაძე, “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში ეხმიანება და მათ უსამართლოს უწოდებს.
მისი განცხადებით, ინფორმაცია, რომელსაც ორივე “ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს, რომ პუშკინის სკვერთან არსებული ავტოსადგომი ბიძინა ივანიშვილს საჩუქრად გადაეცა, მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ტყუილია.
კალაძის თქმით, კონკრეტული ფართი გადაეცა კომპანიას, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ მიწისქვეშა პარკინგს გააკეთებს. კალაძის ინფორმაციით, მიწისქვეშა პარკინგის მოწყობისთვის მილიონი უნდა დაიხარჯოს, მისივე თქმით, ქალაქში ასეთი ტიპის პარკინგებისთვის 10 ლოკაციაა შერჩეული და ერთ-ერთი სწორედ ეს პარკინგი იქნება.
“მიზანმიმართულად მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაცია იმიტომ, რომ ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყანაში,” – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ვიდეომიმართვაში “პანორამა თბილისის” პროექტიც აჩვენა და აღნიშნა, რომ მის განხორციელებაში 400 მილიონი დოლარი იხარჯება და 15 000 ადმაიანია დასაქმებული.
“თაბორის მთაზეც წარმოაჩინეს პრობლემა, რომ, თითქოს, ტერიტორიებს ითვისებს ბიძინა ივანიშვილი. ესეც ძალიან დიდი ტყუილი და დეზინფორმაციაა. რეალურად ხდება ის, რომ კეთდება სარწყავი სისტემა, რომ იქ არსებულ გარემოს ჰქონდეს წყლის მიწოდების შესაძლებლობა და დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება ევროპაში. ძალიან პატარა ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსი იქნება და ულამაზესი მწვანე გარემო, სადაც თითოეულ თბილისელს ექნება შესაძლებლობა, ავიდეს და განიტვირთოს. მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ შეეწინააღმდეგება ქალაქის წინსვლას,” – განაცხადა კახა კალაძემ.