„საქართველო მიდის ნატო-სა და მისი წევრობისკენ. ამ წლების განმავლობაში ქართველებზე ერთი უტყუარი რამ გავიგე, რომ ისინი ჯიუტები არიან, აგრძელებენ წინსვლას და ბრძოლას სასურველის მიღწევამდე და ამ შემთხვევაში სასურველი – დასავლური ოჯახის წევრობაა,“– ამის შესახებ ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას – რომ ვიყოთ დაცულები, დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა და განვაგრძოთ სვლა ნატო-ს კარისკენ, გაიაროთ ამ კარში.
„მე ვიცი, რომ ზოგჯერ არის ასეთი ნარატივი, რომ ეს არ მუშაობს, ჩვენ ვერ მივაღწევთ იქამდე, ნატო-ში გაწევრიანება არ მოხდება, მაგრამ როდესაც ახლა საქართველოს ვუყურებ, ვხედავ, მაღალპროფესიონალურ შეიარაღებულ ძალებს, გაწვრთნილ, გამოცდილ, პროფესიონალ შეიარაღებულ ძალებს. კარგად ფუნქციონირებად თავდაცვის სამინისტროს, კარგად ფუნქციონირებად დაზვერვის სამსახურს. მე ვხედავ ნატო-ს ობიექტებს საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველდღიურ წვრთნებს.
ინსტიტუციურ მშენებლობას ყოველ დღე, ამერიკის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც წვრთნებს გადის აქ, ნატო-ს, რომელიც ასევე წვრთნებს გადის აქ. ვხედავ ნატო-ს გემებს, რომლებიც შემოდიან საქართველოს პორტებში.
ეს ხდება ყოველდღიურად და ყოველდღიურად საქართველოს შეიარაღებული ძალები მუშაობენ ნატო-ს ძალებთან ერთად და პროცესში ხდებიან უფრო მეტად თავდაცვისუნარიანები, ეხმარებიან საქართველოს წავიდნენ ნატო-სკენ. ვიცი, რომ ცვლილება განხორციელდა, ის ახლაც ხდება და ეს მომავალშიც გაგრძელდება და გავაგრძელებ ამის მხარდაჭერას,“ – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
აპატურაიმ ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამდენად პატივს სცემს და უყვარს საქართველო, ამ ქვეყნის ხალხი. მისი თქმით, ძალიან ადვილი იქნებოდა სხვა გზის არჩევა, უფრო ადვილი გზის არჩევა, რათა მოგვარებულიყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სირთულეები ამ რეგიონში, მაგრამ ქართველებმა გაიზიარეს ნატო-ს ღირებულებები, სურთ ევროკავშირისა და ნატო-სკენ სვლა.
„მე თუ რამე გავიგე ქართველების შესახებ, ეს არის, რომ ქართველები ჯიუტები არიან. ქართველები არ ნებდებიან, ისინი წინ მიდიან, ბრძოლას აგრძელებენ იქამდე, სანამ არ მიაღწევენ სასურველს და ამ შემთხვევაში ეს არის დასავლური ოჯახის წევრობა, არა მხოლოდ ღირებულებების გაზიარებით, არამედ ინსტიტუციურად.
მე გავაგრძელებ ამ ძალისხმევის მხარდაჭერას. მჯერა, რომ ქართველების სახლი ჩვენთან ერთადაა და თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, ისევე როგორც ჩვენ – თქვენი ოჯახის. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ მე დავბრუნდები, მაგრამ, ასევე, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ნატო გააგრძელებს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას, რომ იყოთ დაცულები, დაცული იყოს ტერიტორიული მთლიანობა და განაგრძოთ სვლა ნატო-ს კარისკენ და გაიაროთ ამ კარში,“- განაცხადა აპატურაიმ.