LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცნობილია ვინ იქნება NATO-ს ახალი გენერალური მდივანი: ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი – მარკ რუტე იენს სტოლტენბერგს 2 ოქტომბერს ოფიციალურად შეცვლის

139
მარკ რუტე

POLITICO-ს ინფორმაციით. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი მას შემდეგ იქნება, რაც ალიანსის 32-ვე ქვეყანა მის კანდიდატურას დათანხმდა.

უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან დასტურის შემდეგ, ხუთშაბათს რუმინეთმა განაცხადა, რომ რუტეს მხარს უჭერდა. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კი NATO-ს გენერალურ მდივნობაზე თავისი კანდიდატურა მოხსნა.

რუტე NATO-ს გენერალური მდივანი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში გახდება. თანამდებობას ის 2 ოქტომბერს დაიკავებს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე. არჩევნების შედეგები კი, სამხედრო ალიანზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს.

შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ NATO-ში დარჩება, თუმცა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შემცირების პირობა დადო. ამას ემატება უკრაინაში მიმდინარე რუსული შეტევა და დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში.

რუტემ საკუთარი სურვილის შესახებ, გამხდარიყო NATO-ს გენერალური მდივანი, გასული წლის ნოემბერში გაამჟღავნა. მას თავიდანვე ალიანსის წევრების დიდმა ნაწილმა დაუჭირა მხარი.

2014 წლიდან NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგია. თუმცა, 2017-ში წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრისთვის გაეხანგრძლივებინათ, ამ თარიღმა კი 2019 წელს კიდევ ორი წლით გადაიწია.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა რამდენჯერმე გაუხანგრძლივეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები