LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჯერა, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით“ – რა განმარტებას აკეთებს პეტერ ფიშერი ოლაფ შოლცის განცხადებაზე

175
პეტერ ფიშერი

„დაზუსტება: ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო, ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება“ – ამის შესახებ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ „X”-ში წერს და კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების გაზიარებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ელჩის თქმით, დღეს მედიას განემარტა, რომ „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“.

“დაზუსტება: 1. ქვემოთ მოვიყვანე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის სიტყვები და მივუთითე წყარო: @Bundeskanzler. ყველას შეუძლია კონტექსტის შემოწმება.

2. გერმანიის საელჩომ მედიის შეკითხვებს შემდეგნაირად უპასუხა: „კანცლერის განცხადება შეეხებოდა გერმანიაში კონკრეტულ სიტუაციას, თუმცა, ზოგადად, ეს სიტყვები საყოველთაო ხასიათისაა“.

3. მჯერა, რომ კანცლერის სიტყვებს ეთანხმებით” – განაცხადა ელჩმა პეტერ ფიშერმა.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა პლატფორმა X-ზე გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადება გაავრცელა, სადაც შოლცი აცხადებს: „ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა ისმოდეს”.

გერმანიის ელჩს არ მიუთითებია, ვისი მისამართით იყო გაჟღერებული კანცლერის განცხადება, რამაც ქართული მედიისა და საზოგადოების ნაწილში გააჩნდა განცდა, რომ აღნიშნილი განცხადება საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარი საქართველოს პრემიერმა გააკეთა. პრემიერმა კობახიძემ, გერმანიის ელჩის აღნიშნულ ქმედებას სპეკულაცია უწოდა:

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს – გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, გერმანიის ელჩმა ისე გაავრცელა კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადება, რომ რჩებოდა აღქმა, თითქოს ის საქართველოზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს:

„ყველას გახსოვთ, რომ გერმანიის ელჩი ჩართული იყო თავის დროზე „ლელოს“ საარჩევნო აქტივობაში, ბოლნისში იყვნენ ერთად წასულები, სადაც ერთობლივად მონაწილეობდნენ კონკრეტულ საარჩევნო ღონისძიებაში. გერმანიის ელჩი, რომელიც ამ საპატიო წოდებას ატარებს, არის დასული გრიგოლ გეგელიას დონემდე. ეს ძალიან სამწუხაროა. ის სპეკულირებს. მერე ნახეთ, რომ კონკრეტულმა ტელევიზიებმა ეს გერმანიის ელჩის „ტვიტი“ თუ რაც იყო, გამოიყენეს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, ისე წარმოაჩინეს თითქოს გერმანიის კანცლერი საუბრობდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, როდესაც ის საუბრობდა, თუ არ ვცდები, 5 წლის წინანდელ მკვლელობაზე, რომელიც გერმანიაში იქნა ჩადენილი. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჯერ გერმანიის ელჩი შეგნებულად აძლევს წყაროს დეზინფორმაციის გავრცელებისთვის კონკრეტულ მედიასაშუალებებს და მერე მედიასაშუალებები ამას იტაცებენ. ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს არის გერმანული სახელმწიფოს პრობლემა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი, ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნდა გახდეს გერმანიის სახელმწიფოს ყურადღების საგანი“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g