LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს არაერთი სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა“ – შსს-ს 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

136
20 ივნისის აქცია

„2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად კიდევ ერთი დაზარალებულის სასარგებლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ზიანის ანაზღაურება დაევალა“ – ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე დარბევის შედეგად დაზარალებული პირის ინტერესებს იცავდა.

საიას ცნობით, მოსარჩელე, რომელიც აქციაზე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, აქციის მიმდინარეობისას შეეცადა ცრემლსადენი აირის გარემოცვაში მყოფი აქციის ერთ-ერთი მონაწილის დახმარებას, რა დროსაც მას მარჯვენა თვალის არეში რეზინის ტყვია მოხვდა:

„მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვის გამო მოსარჩელეს ჩაუტარდა არაერთი სამედიცინო პროცედურა. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობით და იარაღით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსარჩელეს სისხლის სამართლის საქმის ფარგლებშიც მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ დაზიანების გამო მოსარჩელეს საერთო შრომისუნარიანობა შეუმცირდა 15 %-დან 25%-მდე.  

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის 4 წლიანი განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით, ასევე, შრომისუნარიანობის შემცირების გამო ყოველთვიური სარჩოს სახით 1 440 ლარის გადახდა 2019 წლის 21 ივნისიდან სიცოცხლის ბოლომდე.  

ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ერთი მხრივ, დადგინდა სახელმწიფოს მიერ მოსარჩელესთან მიმართებით უკანონო და არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტი, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში არ არის ხშირი ამ მოცულობით მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევები. სამართლებრივი თვალსაზრისით გადაწყვეტილება, ასევე, მნიშვნელოვანია სარჩოს ოდენობისა და ფარგლების ნაწილშიც. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საქმის შინაარსის გათვალისწინებით, დროულად დასრულდება სამართალწარმოება და მოსარჩელე უახლოს მომავალში შეძლებს გადაწყვეტილების აღსრულებას. 

გადაწყვეტილება ამ დროისთვის  კანონიერ ძალაში შესული არ არის“, – აღნიშნულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო სლაიდზე: Reuters

mazda magti 5g