2022 წლის ივნისში საქართველოში რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივნისში საქართველოში რუსეთის 90,239 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 502.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანას შორის რუსეთი 1-ელ ადგილზეა. მას მოსდევს თურქეთი – 62 192 ვიზიტორით, მე-3 პოზიციაზე კი სომხეთია – 61 974 ვიზიტორით.
მთლიანობაში, ივნისში ქვეყანაში 387,781 საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 164%-ით მეტია, თუმცა პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა ეს ნაკადი 47%-ით ნაკლებია.