ევროპაში მოგზაურობას საქართველოს მოქალაქეები, მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტის საფუძველზე შეძლებენ და დამატებითი დოკუმენტები საჭირო აღარ იქნება – ამის შესახებ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა, განაცხადა. მისი განმარტებით, 2016 წლის დასაწყისში, ევროპარლამენტი შესაბამის პროცედურებს დაიწყებს, რასაც, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე დასჭირდება და ამ პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ იმოგზაურებენ.
”ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს პასპორტი გახდეს ე.წ. ვიზა. ადრე ევროპაში სამოგზაუროდ საჭირო იყო ბევრი საბუთი, ცნობები, რამდენიმე დღის განმავლობაში ლოდინი, ბევრჯერ უარი და სხვადასხვა ამინდში არაკომფორტულად დგომა საკონსულოსთან. ამ პროცედურების გავლა, მომავალი წლიდან, საჭირო აღარ იქნება, მას შემდეგ, რაც ძალაში შევა უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რაც ეხება საკითხს, ვის შეიძლება ეთქვას უარი ევროპაში მოგზაურობაზე, ციხელაშვილი განმარტავს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე საქართველოს საზღვარზევე მიიღებს.
”თუ არსებობს მონაცემები, რომ პირი კრიმინალია, ბუნებრივია, მას უარს ეტყვიან საზღვრის გადაკვეთაზე. უვიზოდ მიმოსვლა არ გულისხმობს ევროპაში წასვლას და არალეგალად, ხანგრძლივი პერიოდით დარჩენას” – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ.
