მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის მოსმენა და იმის გაგება, თუ როგორია პირადად მისი შეფასება ხარვეზებზე, რომელიც არჩევნებს ახლდა თან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნებით დასტურდება, რომ ყალბი იყო ის კამპანია, რომელსაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბების თაობაზე აწარმოებდა.
„დღეის მდგომარეობით, კომისიამ 20 უბანი უკვე გადაითვალა, სულ გადათვლილია 60 საარჩევნო უბანი, რაც ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების ორი პროცენტია. იცით, რომ წინა დათვლისას განსაკუთრებული ხარვეზი არ ყოფილა, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენდა. აღმოჩნდა, რომ მართალი ვიყავით, როცა ვსაუბრობდით, რომ იყო ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც თან ახლავს ასეთ პროცესებს, სადაც ჩართულია კომისიის 50 ათასი წევრი – ადამიანური ფაქტორები ასეთ ხარვებზე მოქმედებს”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტში დღეს თამარ ჟვანიას ელოდებიან. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უპასუხებს.
კომისიის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცესში მათ ჟვანიას მიმართ არაერთი კითხვა დაუგროვდათ.
დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა, მათგან ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოკითხა.