„მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა პრინციპით გვყავს ან აღარ გვყავს უმაღლესი თანამდებობის პირები,“ – ამის შესახებ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა პრემიერის თანამდებობიდან გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის საკითხზე და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები ისმის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტიდან ზურაბ პატარაძის წასვლასთან დაკავშირებით.
„ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, ერთნაირად გამოხატეს აღშფოთებაც და შეშფოთებაც პოლიტიკიდან პრემიერმინისტრის და შემდეგ რეგიონის ხელმძღვანელის ასე წასვლის თაობაზე. შინაარსი რაშია? ოპოზიცურ პარტიებს შეიძლება, ძალიან არ მოსწონდათ და არ იყვნენ მათი მხარდამჭერები, მაგრამ პოლიტიკური თანამდებობიდან წასვლა ისე, რომ არ უხსნი საზოგადოებას, რატომ მიდიხარ, ერთი მხრივ, შეურაცხმყოფელია, ხოლო, მეორე მხრივ, არის დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის საწინააღმდეგო.
„ასე რომ, ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია კითხვა, რა არგუმენტით წავიდა პრემიერმინისტრი, რა იყო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების საფუძველი,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, დაურეკა თუ არა გიორგი კვირიკაშვილს, მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია პრემიერის თანამდებობიდან წასვლის მიზეზების თაობაზე არა მისი, არამედ საზოგადოების ინფორმირება.