დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ქუთაისში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გააცნო საზოგადოებას.
კვლევაში 987-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 44% მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ხოლო 32, 6 % – ნაციონალურ მოძრაობას.
აღნიშნულ კვლევას ოპოზიცია გამოეხმაურა.
„სტარტეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე:
„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევებს, სანდოობა, რა თქმა უნდა, არ აქვს. ეს არის წინასაარჩევნო მცდელობა, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინონ მოსახლეობაზე.
წერენ პროცენტებს, რომელიც მათ აწყობთ. მანამდე ჩვენ ვნახეთ, თბილისზე იყო ანალოგიური კვლევა, სადაც 60%-ზე მეტი დაიწერეს. ეს სანდოობას არ იწვევს.
კითხვა დავსვათ, თუ ამხელა პროცენტები აქვთ, „ქართული ოცნება“ 43%-იანი შეთანხმებიდან რატომ გავიდა? გავიდა იმიტომ, რომ არ ჰქონდათ 43%. არც ერთი კვლევით, მათ შორის საერთაშორისო კვლევებით (გარდა იმისა, რასაც „ქართული ოცნება“ უკვეთავს), არც ჩვენი და სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტიის კვლევებით 30%-ზე მეტს ვერ აგროვებს“, – ამბობს სერგო ჩიხლაძე.
პარტია „ლელოს“ წევრი, გრიგოლ გეგელია:
„რეალურად, „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს. მათი მხარდაჭერის მაჩვენებელი 43-პროცენტიან ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
„ქართულმა ოცნებამ“ ეს კარგად იცოდა და შარლ მიშელის შეთანხმება ისტერიული დემარშით ამიტომაც დატოვა, რითაც ქართველი ხალხის, კოლეგების და დასავლელი პარტნიორების წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს გაექცა.
მათი პარტიული კვლევა წარმოადგენს მცდელობას, რომ ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაარწმუნონ, რომ მათ კვლავ გააჩნიათ არჩევადობა და საზოგადოება მხარს უჭერს. სინამდვილეში, მათ მხარს არავინ უჭერს და ეს არის მოდელირებული რეიტინგი“, – აღნიშნა გეგელიამ.
მისივე თქმით, აღნიშნული კვლევის მიზანია მმართველი პარტიისთვის სასურველი მიმართულებით საზოგადოების განწყობის შეცვლა. მანვე დაამატა, რომ მსგავსი მიდგომა არ იმუშავებს.
„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია:
“1 თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და ყველანი, ჯობია, არჩევნებს დაველოდოთ, ვიდრე “ქართული ოცნების”, “ნაციონალური მოძრაობის” და სხვათა კვლევებს, ან მაგათი კვლევებით ვიხელმძღვანელოთ, რადგან ვიცით, რომ ყველა შემკვეთი კვლევას ისე უკვეთავს, რომ საბოლოო ჯამში, მას აწყობდეს შედეგი, ეს ტრადიცია საქართველოში არ ირღვევა, სამწუხაროდ.
შესაბამისად, კარგია თუ ცოტაა, ბევრია თუ ნაკლებია, გავზომავთ არჩევნებზე და ეს ვნებათაღელვა დამთავრდება, იქამდე სულ იქნება, რადგან ვიცით, რომ ტარდება ასეთი ტიპის კვლევები და შემდეგ არჩევნები სხვა შედეგებს აჩვენებს”,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.