აღმოჩნდა, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, ჩვენს პლანეტაზე მოგზაურობის გაყალბებაც „მოსულა“ და რეალურია. ბილეთების ღირებულების შედარების სამსახურმა, სახელწოდებით Jetcost კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ადამიანების 14% ცრუობს, როდესაც მდიდრულად გატარებული შვებულების შესახებ ყვება, 10% -კი საერთოდ სოციალურ ქსელში ყალბ ფოტოებს აქვეყნებს.
Jetcost- ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ადამიანები იტანჯებიან იმაზე ფიქრით, თუ როგორ მოახდინონ შთაბეჭდილება მეგობრებზე, კოლეგებზე, პარტნიორებზე, ნაცნობებზე და სწორედ ამიტომ, ისინი პერიოდულად ყალბი შვებულების ამსახველ ფოტოებს აქვეყნებენ. პირობითად, ფოტოზე თუ გამოსახულია, რომ ვინმე ნიაგარას ჩანჩქერთან იმყოფება, რეალურად შეიძლება ის საკუთარ სახლში, სამზარეულოში იჯდეს და ჩაის სვამდეს.


როგორ ხდება ეს? – სწორედ ასეთი ადამიანებისთვის, რომლებიც სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად „შვებულებას იგონებენ“, 2017 წელს ონლაინ პლატფორმა Fake A Vacation შეიქმნა, სადაც მომხმარებელს შეუძლია ატვირთოს სურათები და შეცვალოს ფონი. ფონებს შორის განსაკუთრებით პოპულარულია: გრანდიოზული მზის ჩასვლა, ნიაგარას ჩანჩქერი, ქვიშიანი სანაპირო და სხვა… ცხადია, „შვებულების გამოგონება“ და სოციალური ქსელების მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა უფასო არ არის. მას ვისაც Fake A Vacation-ის მომსახურებით სარგებლობა უნდა, გარკვეული თანხის გადახდაც მოუწევს. ფასები დამოკიდებულია მომსახურების პაკეტზე – მინიმალური ღირებულება კი 19 დოლარიდან იწყება. ფოტოები დაახლოებით 3 დღის განმავლობაში მუშავდება და ამ პერიოდში თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ ფონი, არამედ ის ტანსაცმელიც კი შეცვალოთ, რომელიც თავდაპირველ სურათზეა წარმოდგენილი.
P.S: თუ თქვენც გსურთ ვინმეს შეცდომაში შეყვანა, ეწვიეთ ვებ გვერდს -> https://www.fakeavacation.com/


