ნიკა გვარამიას პროცესი, გუშინ, გვიან ღამით დასრულდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, აღკვეთის ღონისძიებად გირაოს – 40 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
"ძალიან მაინტერესებს მოსამართლე როგორ შემიფარდებს გირაოს იმ ბრალდებულს, რომელიც ამბობს წინასწარ, რომ ის არ გადაიხდის გირაოს ", - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამია - გირაოს გადამხდელი არ ვარ
ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე, ნიკა გვარამიას საქართველოს საზღვრის დატოვება აეკრძალა.
“ხუთი ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, პრინციპის ამბავია, არ გადავიხდიდი. პროკურატურას რეალურად შეეშინდა და გასაგები იყო – უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. გირაოს არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობი”, – ამის შესახებ გვარამიამ საქალაქო სასამართლოში, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდების შემდეგ განაცხადა.
მანვე განაცხადა, რომ პოლიტიკურ დევნილობას მიაწვება.
როგორც მან აღნიშნა, ბრალის დადგენილების წაკითხვას არ აპირებს. მისივე განმარტებით, ერთგვერდიანი ბრალი, რომელიც მას გააცნეს, სამარცხვინოა.
ნიკა გვარამიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ბრალის დადგენილება დახია
“ყველაფერი სახეზეა. მართალი გითხრათ, ჩემთვის ძალიან ხელსაყრელია ეს ყველაფერი, რადგან ამას დიდებულად ჩამოვწერ და ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა. მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. ყველა მიხვდება, რომ პოლიტიკური საქმეა, რადგან ყველა ქვეყნის კანონმდებლობასა და ყველა სისტემაში, ბრიტანულ-ამერიკულით დაწყებული, გერმანულ-ფრანგულით დამთავრებული, ასეთი რამ არ შეიძლება, რომ სამოქალაქო სამართალში შეჩხირო სისხლის სამართალი კონტრაქტის თავისუფლების ნაწილში და ამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ შეიძლება. ჩემთვის რა, დავწერ – პოლიტიკურ დევნილობას მივაწვები, იმიტომ, რომ ვარ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გირაოს თანხა გვარამიამ 30 დღეში უნდა დაფაროს. მოსამართლის თქმით, თუ ასე არ მოხდება, შეიძლება, აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს.
“წინასწარ, ერთი თვით ადრე ვერაფერს გეტყვით, სამართლებრივად არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, მათ შორის არის, რომ მიმართოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე“, – განუცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 სექტემბერს ჩაინიშნა.
ნიკა გვარამიას ბრალი 220-ე მუხლით წარედგინა – გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე მიმდინარეობდა.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე.
შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი.
გარდა ამისა საქმეში საუბარია უძრავი ქონების გადაცემაზეც:
მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ,,რუსთავი 2“-ზე რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.
ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად.