ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას განცხადებით, ნეკა დოროყაშვილის მიერ მოყოლილი ფაქტები, რომ მასზე ყოფილი მეუღლე ნიკოლოზ ბასილაშვილი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა, გამოგონილია.
კითხვაზე, ნამდვილად ჩაარტყა თუ არა ჩოგნებით სავსე ჩანთა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყოფილ მეუღლეს, ადვოკატი განმარტავს, რომ აღნიშნულის თაობაზე დაცვის მხარე კითხვებს დასვამს სხდომაზე, დღეს კი კომენტარს ვერ გააკეთებს.
მისი განმარტებით, დოროყაშვილის მიერ სასამართლოზე მოყოლილი ფაქტები, რომელიც მის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხება, დაცვის მხარისთვის სარწმუნო არ არის.
„რა თქმა უნდა, სარწმუნო არ არის. მოხდა გარკვეული კადრების დემონსტრირება სადაც არ ჩანს, რომ ქალბატონ ნელის რაიმე ნივთი ან საგანი ხვდება. ბატონ ნიკას ჩვენება ჯერ არ მიუცია და შესაბამისად, კომენტარი შემდეგ იქნება.
ნიკა ბასილაშვილს არავითარი ფსიქოლოგიური და მით უმეტეს ფიზიკური ზეწოლა და ზემოქმედება არ მოუხდენია“, – განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ამავე თემაზე: