„საქართველოში პენსიონერების ძარცვა, სამწუხაროდ, დაკანონებულია“, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ქეთევან თურაზაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ქეთევან თურაზაშვილმა საპენსიო სესხზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ „წერილებზე პასუხებს ვერ აუდის და მოხუცები შველას ითხოვენ“.
„გავიგეთ, რომ საპენსიო სესხზე პროცენტი შემცირდა და ამ შედეგის მისაღწევად ჩვენც აქტიურად ვიყავით სამუშაო პროცესში ჩართული, მაგრამ რატომღაც არავინ აღიარებთ და ყველა თვალს ხუჭავს, რომ ძველ სესხებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემებია. ჩემს შეკითხვაზე, ეროვნული ბანკის პასუხი ასეთია, რომ მომართვიანობას დააკვირდება ჯერ, მოხუცების ცხოვრების ხარისხი კი დღითი დღე უარესდება.
ვიმეორებ, პენსიონერების დიდ ნაწილს 2023 წლამდე უკვე აღებული აქვს სესხი, მათი უმეტესობა სესხს იღებდა მკურნალობისთვის, ოპერაციისთვის. პანდემიის დროს 3-6-თვით გადაივადეს სესეხები, მაგრამ გაეზარდათ 2-3 წლის ვადით.
რა თქმა უნდა, მათთვის ეს წინასწარ რომ აეხსნათ, ამ კაბალურ პირობებს არ დათანხმდებოდნენ.
რაც შეეხება ოვერდრაფტებს, რაც ვერანაირ კრიტიკას უძლებს:
ქალბატონმა ნანულიმ, ქმრის ოპერაციისთვის გამოიტანა 1500 ლარი, მოტყუებით გაუფორმეს ოვერდრაფტი. 6 წელია იხდის 65 ლარს. ქმარიც გარდაეცვალა. ის დღეს მარტოხელა მოხუცია. ბანკში ეუბნებიან, რომ მისი სესხი მხოლოდ მაშინ დასრულდება, თუ ის ისევ 1 500 ლარს დააბრუნებს.
ქალბატონი აზა, რომელმაც ფეხი მოიტეხა და ოპერაციაზე დასამატებლად დასჭირდა 1 800 ლარი. მერვე წელია, 75 ლარს იხდის, მასაც ეუბნებიან, რომ უნდა დააბრუნოს ისევ 1800 ლარი.
წერილებზე პასუხებს ვერ ავუდივარ, მოხუცები შველას ითხოვენ. ასობით ასეთი მაგალითი შემიძლია გითხრათ. ეს სამარცხვინო მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დაუყოვნებლივ გასაკეთებელია 2 რამ:
1. ყველა ოვერდრაფტი უნდა გადაკეთდეს დასრულებად სესხებად 26%-ში ისე, რომ სესხის ვადა არ გაიზარდოს.
2. პენსიონერების სესხები, იგივე ოვერდრაფტები, რომლებზეც უკვე დაფარულია სესხად გამოტანილი თანხის ოდენობა, უნდა განულდეს“, – განაცხადა ქეთევან თურაზაშვილმა.