შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, მოქალაქეობის დადგენის გამარტივებასთან დაკავშირებით საუბრობს. განმარტებები მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„ეს არის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი დანაპირები, რომელიც ეხება ყველა დაინტერესებულ პირს, ვინც საქართველოში დაიბადა ან ასეთი პირის შთამომავალია. პარლამენტმა უკვე შექმნა საფუძველი ამისთვის და ჩვენ კანონქვემდებარე აქტით გავამყარეთ. მოქალაქეობის დადგენა ერთი თვის ფარგლებში ხდება და უფასოა. ეს არის პროცედურული გამარტივება, მოკლე ვადები და უფასო მომსახურება. გათვალისწინებულია დაჩქარებული ვადებიც,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ქეთევან ციხელაშვილი მოქალაქეობის დადგენის გამარტივებას მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს და აცხადებს, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, სარგებელს მოუტანს.
პროცედურა პირველი თებერვლიდან გამარტივდება, ამასთან მინისტრის განმარტებით, ეს ვრცელდება იმ მოსახლეობაზეც, ვისაც ე.წ. რუსული პასპორტები აქვთ.
„ე.წ. რუსული პასორტები არალეგალურია და მას არ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება,“ – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.