მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, რომლებიც ხმების 99%-ის შეჯამებას ეფუძნება, პროევროპულ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 101-წევრიან პარლამენტში 55 დეპუტატი ეყოლება.
რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახურის ცნობით, პრეზიდენტ მაია სანდუს პარტიას ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 49,85%-მა.
მეორე ადგილზე გასულმა პრორუსულმა „პატრიოტულმა ბლოკმა“, რომლის ლიდერი მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, სოციალისტი იგორ დოდონია, 26 მანდატის მოპოვება შეძლო(24,36%).
იგორ დოდონი მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ თუ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ უმრავლესობა ექნება, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბების წინააღმდეგ 29 სექტემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 8 მანდატი ექნება ბლოკს „ალტერნატივა“.
6-6 მანდატი ერგოთ პოპულისტურ „ჩვენს პარტიას“ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტიას „სახლის დემოკრატია“, რომელიც მოლდოვის და რუმინეთის გაერთიანებას ემხრობა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა.