პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ მთავრობა იმავე შემადგენლობით იქნება წარდგენილი.
ამასთან, თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ შეიცვლება მხოლოდ იუსტიციის მინისტრი, რომელიც ახალ კაბინეტში მის ადგილს დაიკავებს.
„მოლოდინი არსებობს, საფუძვლიანი, რომ პრინციპში ეს მთავრობა იქნება, დაახლოებით, იმავე შემადგენლობით, ვინც იყვნენ ჩემი ყოფილი კოლეგები და, რა თქმა უნდა, ჩვენი კომიტეტისგან იქნება დარგობრივი განხილვა, შესაბამისი მხარდაჭერაც. მე მხოლოდ დეპუტატი გახლავართ, ამიტომ, ვინ სად დარჩება და იქნება, არ ვიცი, მაგრამ არსებობს მოლოდინი, რომ ძირითადად იქნება იგივე შემადგენლობა, გარდა, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალ კვირას „ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძით ჩანაცვლება იგეგმება, თეა წულუკიანის მტკიცებით მსგავსი საკითხი პარტიაში არ განიხილება.
“არც ერთი განხილვა პარტიაში, რომელიც ამ ტიპის საკითხს და ან ტიპის მიმსგავსებულ საკითხს მიეძღვნებოდა არ ყოფილა, შესაბამისად ეს საკითხი არ განიხილება. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა პარტიის საქმიანობაში იქნება ჩართული კიდევ დიდხანს”, – თქვა თეა წულუკიანმა.
გარდა ამისა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების წესის ცვლილებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ როდესაც პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს ამბობენ, დაფინანსებაც არ უნდა მიიღონ.
ეს არ არის პოლიტიკური პარტიების დასჯა: კობახიძე ოპოზიციას პასუხობს
“სახელმწიფო ბიუჯეტი, მით უმეტეს ამ კოვიდის პირობებში არ არის იმისათვის, რომ პოლიტიკური პარტია უარს ამბობდეს მანდატებზე. ჩვენ გვახსოვს წარსულში შალვა ნათელაშვილი, რომელმაც ყალბად განაცხადა არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დადიოდა სხდომებზე, მაგრამ ხელფასს მაინც იღებდა,” – აცხადებს თეა წულუკიანი.