LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი წლიდან უკვე ციფრული ლარიც გვექნება – პროექტზე მუშაობენ

87
lari

საქართველოში ელექტრონული ლარის ამოქმედება მომავალი წლიდან იგეგმება.  როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, ციფრული ლარი იქნება ეროვნული ვალუტის გასხვავებული ვერსია, რომელსაც კურსზე გავლენა არ ექნება.

„ელექტრონულ ლარს არ ექნება რამე განსაკუთრებული ღირებულება. ის იქნება ლარის სხვანაირი ვერსია. კურსისთვის არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ლარს დავბეჭდავთ ქაღალდის ფულზე, თუ ამისთვის გამოვიყენებთ სხვა მატერიას და დავბეჭდავთ ელექტრონულად, კომპიუტერში. შესაბამისად, კურსზე ელექტრონული ლარის გამოშვებას არანაირი ზეგავლენა არ ექნება“, – განმარტა ლეჟავამ.

მისივე თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში, ის არ საჭიროებს შუამავალს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის შუა პერიოდიდან საპილოტე ვერსია გავუშვათ. მას შემდეგ კი, რაც კარგად შევისწავლით, გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საბოლოოდ ციფრული ვალუტის დანერგვა“,- დასძინა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა. მისივე განმარტებით, ციფრულ ლარს ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად მოიაზრებენ.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები