“თუ “ომიკრონი” გავრცელებას ამ ტემპით გააგრძელებს, ევროპის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, მომდევნო 6-8 კვირაში სწორედ ამ შტამით იქნება ინფიცირებული” – პროგნოზს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე აკეთებს.
კლუგემ “ომიკრონის” გავრცელების მასშტაბებზე დღეს პრესკონფერენციაზე ისაუბრა:
“ვირუსის ახალი შტამის ამ სიჩქარით გავრცელების გამო, ჯანდაცვის გაზომვებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ ევროპის კონტინენტის მოსახლეობის 50 %-ზე მეტი, მომდევნო ექვს-რვა კვირაში “ომიკრონით” დაინფიცირდება” – თქვა მან.
ჯანმო-ს ევროპის რეგიონი 53 ქვეყანას და ტერიტორიას აერთიანებს. კლუგეს განცხადებით, “ომიკრონის” შემთხვევები მათგან 50-შია დადასტურებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ქვეყნებიდან 26-მა განაცხადა, რომ ყოველკვირეულად “ომიკრონით” მათი მოსახლეობის ერთ პროცენტზე მეტი ინფიცირდებოდა. WHO-ს ინფორმაციითვე, 2022 წლის პირველ კვირაში ევროპის რეგიონში კოვიდ-19-ით ინფიცირების 7 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.
ჰანს კლუგეს განცხადებით, აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ ომიკრონი ბევრად უფრო გადამდებია და მუტაციები მას საშუალებას აძლევს, უფრო ადვილად ადაპტირდეს ადამიანის უჯრედებში და შეუძლია დააინფიციროს ისინიც კი, ვინც ადრე იყო ინფიცირებული ან ვაქცინირებული.
კლუგემ ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცებული ვაქცინები კვლავ უზრუნველყოფს ეფექტიან დაცვას მძიმე დაავადებისა და სიკვდილისგან, მათ შორის კი “ომიკრონით” ინფიცირების დროსაც.
საქართველოში „ომიკრონის“ 951 შემთხვევაა დადასტურებული