LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოქალაქეები სიღარიბიდან ეკონომიკურ ზრდას გამოჰყავს.. ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრობლემები დაიწყო 2012 წლიდან“ – რა გზები აქვს ქვეყანას სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად/ “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

36
სოციალურად დაუცველი

აშშ-ის რესპუბლიკური ინსტიტუტის „აიარაის“ ბოლო კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოციალური და ეკონომიკური პრობლემები კვლავ მოსახლეობის უმეტესობას აწუხებს.

იმ ფონზე, რომ მთავრობა ყოველწლიურად სოციალურ საკითხებზე ორიენტირებულ ბიუჯეტს გვთავაზობს, პრობლემები მაინც არ იწურება.

„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროექტიც წამოიწყო, თუმცა რამდენად დაეხმარა ეს გამოწვევის გადაჭრას, კვლავ კითხვის ნიშნებია.

თემაზე „ბიზნესკურიერში“ გიორგი კეპულაძესთან ერთად  ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საუბრობს.

– ჩვენ ერთად ვიყავით „აიდიეფაის“ კვლევების პრეზენტაციაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით, სადაც ითქვა, რომ მთავრობა სამწუხაროდ სოციალურად ორიენტირებულ ბიუჯეტს გვთავაზობს, ვიდრე პროდუქტიული დარგების დაფინანსებაზე სტრუქტურაზე და განათლებაზე ორიენტირებულს.  სამწუხაროდ შედეგიც არ ჩანს.

მესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და ბევრი სოციალურად დაუცველი გვყავს, თითქმის 400 ათასი, თუ მეტი- არა. მაინც რატომ რჩება ეს საკითხი გადაუჭრელ პრობლემად. ხედვაში ხომ არაა პრობლემა?

– ანალიზი რომ გავაკეთოთ, ძალიან მარტივადაა საქმე, რა თქმა უნდა, რთულად ჩვენი ქვეყნისთვის და მოქალაქეებისთვის, მაგრამ ანალიზის თვალსაზრისით მარტივად.

სოციალური დახმარების სისტემით ადამიანთა სიღარიბიდან გამოყვანა არ ხდება.

სოციალური დახმარების სისტემა იმისათვის არსებობს, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, სადაც სტრუქტურული პრობლემა გვაქვს და სადაც რთულია მოქალაქეების სიღარიბიდან გამოყვანა.

მოქალაქეები სიღარიბიდან ეკონომიკურ ზრდას გამოჰყავს.

ჩვენი ქვეყნისთვის ფუნდამენტური პრობლემები დაიწყო 2012 წლიდან, როდესაც მაშინ ახალმა და ამჟამად უკვე კარგად დაძველებულმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ჩვენი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდა არ არის.

განაცხადეს, „ჩვენ შევადგენთ ადამიანზე ორიენტირებულ ბიუჯეტსო“. ამან გამოიწვია, რომ ეკონომიკური ზრდა ძალიან დაბალი გვქონდა წლების განმავლობაში. შესაბამისად ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდის პირობებში მეტი და მეტი ადამიანი გამოსულიყო სიღარიბიდან არა მთავრობის ხელში ყურებით, არამედ სიღარიბიდან გამოსულიყო ახალი სამუშაო ადგილების შექმნით.

სამწუხაროდ ჩვენ ეს მომენტი ხელიდან გავუშვით და წამოგვეწია პანდემია, ამ დროს ყველა ქვეყანაში და საქართველოშიც კიდევ უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა დასახმარებელი პანდემიით გამოწვეული ვარდნის ფონზე.

პანდემიის შემდგომ რიცხვების მიხედვით ჩვენ კი გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა წამოგვეწია ძალიან მაღალი ინფლაცია, რომელიც ნარჩუნდება ორნიშნა ნიშნულზე უკვე წელიწადზე მეტია და არც იმის პირი უჩანს, რომ ის მნიშვნელოვნად დაბლა ჩამოვა. შესაბამისად მთავრობამ რაც არ უნდა მეტი სოციალური გასაცემელი გასცეს, ის ვერ ეწევა ფასების იმ ზრდას, რაც ქვეყანაშია.

შესაბამისად ის ადამიანებიც კი, რომლებიც თითქოსდა რაღაცას იღებენ სოციალური შემწეობის სახით, პრაქტიკულად სიღარიბიდან არათუ ვერ გამოდიან, არამედ კიდევ უფრო მეტად უჭირთ ელემენტარული საკვები კალათის შევსება.

ეს სერიოზულ პრობლემად რჩება, სოციალურად დაუცველი 700 ათასზე მეტია, ასეთი რეკორდული რაოდენობა არასოდეს ყოფილა.. აქ უნდა შემოვიტანოთ პოლიტიკური განზომილება.

– პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის ხომ არ ხდება მათთვის დახმარებების გაწევა? ვხედავთ, რომ სოციალურად დაუცველთა დახმარების პროგრამაში ძირითადად ისინი არიან დასაქმებულები, ვინც ლოიალურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

– ზოგადად ამ ხელისუფლების მიდგომაა, რომ ბიუჯეტიდან რაიმე ტიპის გასაცემელზე, რაც შეიძლება მეტი მოსახლეობის დიდი ნაწილი დასვას. „აიდიეფაის“ კვლევაში ეს ძალიან კარგად ჩანდა.

პოლიტიკური მიზნებით ხდება საზოგადოების ბიუჯეტზე ჩამოკიდება.

იმ ფონზე, როდესაც ჩვენთან ინვესტიციების ქრონიკული შიმშილია, დეფიციტს გვიბალანსებს ქართველების მიერ გადმორიცხვები და ვნახოთ, ამით რა ხდება..

პროდუქტიული მოსახლეობა, ეკონომიკურად და მათ შორის პოლიტიკურადაც აქტიური მოქალაქეები გადიან ქვეყნის გარე, ქვეყანაში რჩება ბიუჯეტზე დამოკიდებული მთავრობის ხელისშემყურე მოსახლეობა და ხელისუფლება, რომელსაც აწყობს, რომ მხოლოდ ამ ტიპის მოსახლეობა დარჩეს გარეთ.

ის, ვინც პროდუქტიულია და ვინც პოლიტიკური ცვლილება უნდა მოახდინოს, გადის ქვეყნის გარეთ და ქვეყნის გაღარიბებული მოსახლეობა ცხოვრობს მათ გადმორიცხვებზე, ამით ხეირობს ის მოსახლეობა, რომელიც ჩამოყალიბდა „ქართული ოცნების“ პირობებში.

ანუ ჩვენ თუ ავიღებთ მაგალითად რა პროცენტს შეადგენს გადმორიცხვები, საქართველოში ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ეს მონაცემი განუხრელად იზრდება და თუ შევხედავთ მოლდოვას და სომხეთს- მცირდება.

ამ მონაცემებით, შეიძლება 5 წელიწადში ტაჯიკეთის და ყირგიზეთის დონეზე ვიყოთ.

ტაჯიკები და ყირგიზები წასულები არიან ძირითადად რუსეთში, იქ მუშაობენ, გადარიცხვებს აკეთებენ და ქვეყანაში არის ბიუჯეტზე მჯდომი მოსახლეობა სხვადასხვა ფორმით.

აქეთკენ მიდის საქართველო.

– უკმყოფილება მაინც თვალსაჩინოა „აირაის“ კვლევაშიც, პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსაც თუ შევხედავთ, აშკარაა, რომ ვერ პასუხობენ საზოგადოების მოთხოვნას. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

– პირველი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, არის ის, რომ  ჩაკეტილი წრიდან უნდა გამოვიდეთ. ნორმალური ეკონომიკური პოლიტიკა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი აქცენტი გვექნებოდა გადატანილი გადასახადების შემცირებაზე,  ამ მომენტისთვის სოციალური გასაცემლებისა და საბიუჯეტო მიმდინარე დანახარჯების არგაზრდაზე. რითაც მივცემდით საშუალებას, რომ ბიზნესს გაეკეთებინა მნიშვნელოვანი ნახტომი.

თუ ამას მნიშვნელოვნად მოვთოკავთ, ეს აისახება ინფლაციაზეც და მაშინ ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება გაგვიჭირდეს 1-2 წელი, როგორც ეს იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, მაგრამ შემდეგ გვექნება დიდი  ნახტომი.

– ამ მოდელს  უფრო აქვს გრძელვადიანი ეფექტის. 

– მაგრამ ეს საარჩევნოდ პოპულარული არაა საზოგადოებაში.

საზოგადოება რომ ღარიბდება, უკმაყოფილოა, მაგრამ ამავდროულად იმაზე ფიქრობს, რომ ხვალ რომ ესეც აღარ იყოს, რა მეშველება, ხვალ პური როგორ ვიყიდოო.

ასეთ სიტუაციაში პოლიტიკური სტატუსკვოსკენ იხრება მოქალაქე.

„აირაის“ კვლევაში ადამიანები მკვეთრად გამოხატავენ უკმაყოფილებას. სწორად ვითარდება თუ არა ქვეყანა.. ესაა რეკორდულად ცუდი შედეგი, მაგრამ ეს არ ითარგმნება პოლიტიკურად ნაწილობრივ იმის გამო, რომ ადამიანებს შიში უჩნდებათ – ხვალ რა იქნება.

გამოსავალი, რაც რეალურად არის, შეიძლება, გაღარიბებულ ხელისუფლებას დიდად არ მოეწონოს.

აქედან გამომდინარე ვართ ამ ჩაკეტილ წრეში. მოსახლეობას შეიძლება მოეწონოს იმ ტიპის პოპულიზმი, რაც ჰქონდა ივანიშვილს 2012 წელში, 1 მილიონი თითო სოფელს, გაზისა და დენის ტარიფის განახევრება, მაგრამ თქვენ და მე ვიცით, რომ ეს ტყუილი იყო 2012-შიც და ტყუილი იქნება 2022-შიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები