LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოქალაქეებს თანხას მოტყუებით არიცხვინებდნენ: თაღლითობისთვის 3 პირი დააკავეს

107
BeFunky-collage

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი – ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითური სქემა გამოავლინეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი: – 1994 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ღ., 1991 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ი.დ. და 1990 წელს დაბადებული ვ.მ.

სამართალდამცველების მიერ საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ „myauto.ge“-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.
ბრალდებულები დანაშაულებრივი სქემით მოქმედებისას, კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმ – ბარათებს ანადგურებდნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით მობილური ტელეფონები ამოიღო, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით ტარდება ოპერატიულ – საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g