დღეიდან უცხოელები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას ვეღარ დაირეგისტრირებენ. 23 ივნისიდან „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართვლოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების საკუთრების უფლების მოპოვებაზე მორატორიუმი ცხადდება. ამის შესახებ ინფორმაციას კი საჯარო რეესტრი ავრცელებს.
„იმ შემთხვევებზე, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე უკვე ფლობს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, მორატორიუმის მოქმედება არ ვრცელდება და მიწა მფლობელის საკუთრებაში რჩება. ცვლილების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შეეზღუდათ: უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს.
მორატორიუმი ძალაში იქნება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე. შესაბამისი ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შევიდა,“- ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.