LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსაჭრელად გამზადებული 20 ათასი ხე – რამდენად კრიტიკულია ვითარება თბილისში

თბილისში 20 ათასი დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. სანიტარული ჭრები დედაქალაქის მასშტაბით მომავალი კვირიდან დაიწყება. გამხმარი ფიჭვის ხეების ნაწილი კერძო მესაკუთრეთა ტერიტორიაზე მდებარეობს, ნაწილი კი მუნიციპალურ საკუთრებაშია. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის თქმით, ამ დრომდე კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ხე-მცენარეთა ჩანაცვლების პროცესში გარკვეული მონაწილეობა მათაც მიიღონ.

გიგა გიგაშვილი ფიქრობს, რომ თბილისის ტერიტორიაზე ნარგავები მძიმე მდგომარეობაში არ არის, მთავარი პრობლემა კი, მხოლოდ ფიჭვებთან მიმართებაში არსებობს. ყველაზე დიდი ოდენობით გამხმარი ფიჭვი, გიგაშვილის თქმით, 1990-იან წლებში იყო და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი დედაქალაქში მცხოვრებთა დასამშვიდებლად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „ეს მხოლოდ თბილისის და საქართველოს პრობლემა არ არის, მსგავსი პრობლემა ევროპის განვითარებულ ქვეყნებშიც არსებობს.“

„პირველადი აუცილებელი ღონისძიებები ჩავატარეთ, აღვწერეთ და მოვინიშნეთ დაავადებული ხეები და ეს დაახლოებით, 20 000 ძირია. მომავალი კვირიდან ვიწყებთ სანიტარულ ჭრებს, რათა ქალაქი დაავადებული ხეებისგან გამოვათავისუფლოთ და დაავადების გავრცელების პრევენცია მოვახდინოთ,“ – განაცხადა გიგა გიგაშვილმა.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ლაბორატორიული კვლევების შედეგებს ასაჯაროვებენ და ამბობენ, რომ სწორედ ამ კვლევებმა დაადასტურა, რომ თბილისში არ არის ხეების პათოლოგიური ავადმყოფობა, ეს არის ჩვეულებრივი სოკოვანი დაავადება, რომელიც ნებისმიერ ხე-მცენარეს შეიძლება, ჰქონდეს.

„პრევენციისთვის ორჯერ შევწამლეთ ხემცენარეები, რამაც პროცესი შეაჩერა. ასევე, ოქტომბრის დასაწყისში ველოდებით უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს, თუ რასთან გვაქვს საქმე, ასევე ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები ევროკავშირის აკრედიტირებულ ლაბორატორიებში, რომ დამატებით კიდევ განვსაზღვროთ ის ღონისძიებები, რომელიც ამ ხეებისთვის აუცილებელი იქნება. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე პროცესი; მცენარეებს შესაძლოა, გაუჩნდეთ მავნე დაავადებები ან მწერები, შესაბამისად, რეგულარულად ვატარებთ ფიტოსანიტარულ კვლევას. 8 თვის განმავლობაში შესწავლილია 120 ათასი ხე და გამოვლენილი დაავადებების შესაბამისად, ორჯერ მოხდა მათი წამლობა. წლის ბოლომდე ამ ღონისძიებების მესამე ეტაპი განხორციელდება, ხოლო მომდევნო წლებში მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება,“ – განაცხადა გიგაშვილმა.

პარტიზანი მებაღეები „ფორტუნასთან“ საუბრისას ადასტურებენ, რომ თბილისში უამრავი გამხმარი ხეა და იმ ლოკაციებზე მიუთითებენ, სადაც ხეები და განსაკუთრებით ფიჭვები, წლებია, სხვადასხვა დაავადებით ფუჭდება. მებაღეები თანხმდებიან, რომ დაზიანებული ხეები უნდა მოიჭრას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ შესაბამის სამსახურებს დროულად რომ მიექციათ ყურადღება ხეებისთვის, დღეს დედაქალაქი ამ პრობლემის წინაშე აღარ იდგებოდა.

„მთაწმინდა, წყნეთი, ლისი, წერეთელზე გამოფენა – ამ ლოკაციებს ზემოდან რომ დახედოთ, ფიჭვები რა ფერის არის, მიხვდებით, რომ ქალაქში კოშმარული სიტუაციაა. ეს პრობლემები წლების განმავლობაში გროვდებოდა. ხეები რომ ფუჭდებოდა, მერიის შესაბამის სამსახურს ამაზე ყოველთვის ვუთითებდით. ერთხელ დაიწყეს კიდეც მონიშვნა და განაცხადეს, რომ დავიწყებთ ფიტოსანიტარულ სამუშაოებსო. გარემოს დაცვის სამსახურს პარტიზანელები ვეხმარებოდით კიდეც, გარკვეულ ხეებს ერთად ვნიშნავდით, მაგრამ ბოლოს ეს პროცესი გაჩერდა, დღემდე უცნობია, რატომ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მერაბ კეჩხოშვილი.

კეჩხოშვილი იმასაც ამბობს, რომ ფიტოსანიტარული პროცესები აქტიურ ფაზაში დავით ნარმანიას მერობის დროს იყო. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მაშინ სათავეში ბიძინა გიორგობიანი ედგა. პარტიზანი მებაღეების თქმით, სწორედ ამ პერიოდში მათთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობდა, ინიშნებოდა  გამხმარი ფიჭვები. თუმცა, საკადრო ცვლილებების შემდეგ, მებაღეთა განმარტებით, პროცესი დროებით შეჩერდა.

„გიორგობიანიც მოიხსნა, მერე პროცესი შეაჩერეს და კიდევ ერთი პრობლემა ის იყო, რომ თბილისის ბიუჯეტიდან ძირითადი დაფინანსება უტოპიურ პროგრამაზე, რომელსაც მილიონი ხე ერქვა, მიდიოდა. დღეს ეს ხეები რა მდგომარეობაშია, კი ვხედავთ – ნახევარზე მეტი ჩანაცვლებულია, ნახევარი გამხმარია. იმ მილიონი ხიდან ალბათ არაფერმა გაიხარა, უბრალოდ სულ ტყუილად დაიხარჯა ფული,“ – ამბობს კეჩხოშვილი.

ამავეს წერს სოციალურ ქსელ Facebook-ზე კიდევ ერთი პარტიზანი მებაღე. მომხმარებელ ემილის თქმით, თბილისში, ხეების მოჭრისგან გამოთავისუფლებული ადგილებიდან გამომდინარე, დედაქალაქში მცხოვრებთათვის ადვილად შესამჩნევია, რამდენად სერიოზული ეკოლოგიური პრობლემის წინაშე ვდგავართ.

„იმდენი სივცრე გამოთავისუფლდება მათი მოჭრის მერე, რომ ნათლად დავინახავთ, რამხელა პრობლემის წინაშე ვდგავართ. იგივე ეხება კატალპა ნანებს აღმაშენებლის გამზირზე, დაავადებისგან უკვე აპრიალებულია. მერია დაგვპირდა, შემოდგომიდან ჩანაცვლებას დავიწყებთ მინდვრის ნეკერჩხლებითო. შემოდგომაა უკვე! მაგრამ ყველაზე უარესი წინაა, რისიც მე პირადად მართლა მეშინია. ჭადრებია თბილისში დაავადებული მასობრივად. აი, ფოთლებს რომ შეხედოთ, მოთეთრო ობი ადევს, თითქოს ობობამ მობლანდაო.. და თუ არ ვუმკურნალებთ, უჭადრო თბილისის წარმოდგენა თქვენთვის მომინდვია,“ – წერს ემილი Facebook-ზე.

 


პარტიზან მებაღეთა ამ პრეტენზიას უსაფუძვლოს უწოდებს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი. გიგა გიგაშვილის თქმით, ხეების ფიტოსანიტარული კონტროლი უკვე წლებია, უწყვეტად მიმდინარეობს და ხშირ შემთხვევაში, ამ პროცესში უწყება როგორც პარტიზან მებაღეებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს რთავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ადამიანის, დაინტერესბული პირის აზრი და მოსაზრება ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებით და ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი აქტივისტი, მოქალაქე, ექსპერტი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ფართოდ იყვნენ ჩართულნი ჩვენს გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაში. არსებობს სტანდარტი, სამეცნიერო კვლევები თუ პრაქტიკა, თუ როგორ ხდება ტყის წამლობა, ურბანულ სივრცეში გამწვანების გაშენება და ა.შ. შესაბამისად, მე არ მგონია, ჩვენ აქ გვქონდეს იმ ცოდნისა თუ გამოცდილების პრობლემა, რომ ვერ ვერკვეოდეთ, რომელი მცენარეები უნდა დაირგას. ჩვენი მმართველობის პერიოდში იყო პირველად, რომ დედაქალაქმა მიიღო კონკრეტული და რეკომენდირებული ხეების სია პარამეტრებით, თუ რა პარამეტრებით უნდა ირგვებოდეს ხეები დედაქალაქის სივრცეში და ვერცერთი პარტიზანი მებაღე ვერ ნახავს ამ სიაში ლერწმებს – ლერწამი არის ერთადერთი საშუალება, რითაც უნდა განაშენიანდეს ურბანული სივრცე, თუმცა არსებობს ტყის მასივები, რომელთაც თავის აღდგენის და განაშენიანების პრინციპები აქვს. შესაბამისად, ჩვენ ამ პრინციპებზე დაყრდნობით იმ საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც არის ყველაზე მისაღები, ტყის აღდგენა-კვლავ წარმოებაში განვახორციელებთ,” – განუცხადა “ფორტუნას” გიგა გიგაშვილმა.

დარგის სპეციალისტები განმარტავენ, რომ 20 000 ფიჭვის ადგილას თუკი ახალი ხეები დაირგვება, დაახლოებით ათწლეულებია საჭირო იმისთვის, რომ ტყის მასივი შეიქმნას. სპეციალისტები მერიას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მხოლოდ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იხარჯება, მწვანე სივრცეებს კი სათანადო ყურადღება არ ეთმობა. უწყებაში კი ამბობენ, რომ ეს ბრალდებაც უსაფუძვლოა და კიდევ ერთ არგუმენტად მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამები მოჰყავთ. მაგალითად, გიგა გიგაშვილმა “ფორტუნას” უთხრა, რომ იგეგმება ურბანულ სივრცეში არსებული გამწვანების სრული ინვენტარიზაციაც, რომელიც ბოლოს თბილისში 1986 წელს ჩატარდა.

თათია კაკიაშვილი

magti 5g