“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” (TI) დაკვეთით “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” (CRRC) კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრეა, წარსულში ზეწოლის ქვეშ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ავტორებმა სასამართლო სისტემა დატოვონ.
კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში ჩატარდა.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი არსებობს, ხოლო გამოკითხულთა 87%-ს მიაჩნია, რომ მოსამართლეთს კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს. ამავე კვლევით, გამოკითხულთა 94% მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
მოსახლეობის 53% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50%-ის აზრით, სასამართლო არ არის სამართლიანი.
ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას (83%) სურს, სასამართლო სისტემაში არ მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლი სისტემის მიმართ ნდობა დაბალია, მოსახლეობის 46% ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტის აზრით, ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2087 რესპონდენტი და საშუალო ცდომილების ზღვარი 2,3 %-ია.