“დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს ძალიან მოსალოცი ამბავია”, – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე წინა პროგნოზებში ჰქონდათ ნავარაუდევი:
“მოგეხსენებათ, რომ დღეს გამოქვეყნდა აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც არის უპრეცედენტოდ მაღალი. კერძოდ, აპრილის თვეში დაფიქსირდა 44,8% ეკონომიკური ზრდა, თითქმის 45%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის ნამდვილად უპრეცედენტო და ძალიან პოზიტიური. ასევე, მინდა გითხრათ, რომ იანვარ-აპრილის საშუალო ზრდა გამოვიდა 8%-ზე მეტი, რაც არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, წელს ეკონომიკა გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპით გაიზრდება, ვიდრე ჩვენ წინა პროგნოზებში გვქონდა ნავარაუდევი.
დღეს ფინანსთა მინისტრი წარმოგვიდგენს მიმდინარე წლის და საშუალოვადიანი პერიოდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებლებს – მნიშვნელოვანია, რომ განახლებული მაჩვენებლები გაცილებით უფრო პოზიტიურია. რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო: ექსპორტი აპრილში გაიზრდა 70%-ით, ფულადი გზავნილები გაიზარდა -144%-ით და ძალიან პოზიტიურია, რომ ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკა არის ასევე ძალიან დამაჯერებელი და ოპტიმისტური.” – თქვა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნა ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული იქნება.
ღარიბაშვილმა პოლიტიკურ სტაბილურობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ეკონომიკურ ცხოვრებაში, კერძო სექტორისთვის და ინვესტორების მოზიდვის კუთხით, მნიშვნელოვანია:
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია აღინიშნოს პოლიტიკური სტაბილურობის როლი ეკონომიკურ ცხოვრებაში. პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კერძო სექტორისთვისაც, ინვესტორების მოზიდვისთვის ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით ერთი თვის წინ განთავსებული ევრობონდები ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით, ინვესტორთა ნდობის კიდევ ერთი დადასტურებაა და ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ დაწყებულია ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენა და ეს ძალიან მოსალოცი ამბავია.” – თქვა ღარიბაშვილმა.