LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოშიმშილე სტუდენტებს თსუ-ს ადმინისტრაცია მიმართავს

92

სტუდენტთა ერთი ნაწილის მიერ გამოთქმულ პროტესტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალურ ზომებს არასწორად მიიჩნევს.
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთმა ნაწილმა გარკვეული პრობლემების მოგვარების მიზნით საპროტესტო აქციებს მიმართა. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო პატივს სცემს სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა არასწორად მიიჩნევს მოთხოვნების შესასრულებლად რადიკალური ზომების, ამ შემთხვევაში შიმშილობის ფორმის, გამოყენებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადმინისტრაციული და სასწავლო პროცესის სრულყოფა მუდმივად ხდება. გარკვეული პრობლემები ნამდვილად არსებობს, რომელთა გადაჭრა ეტაპობრივად, მხოლოდ დიალოგის გზით, სამუშაო რეჟიმში და სტუდენტების უშუალო ჩართულობით უნდა მოხდეს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოგმართავთ, უარი არ თქვათ დიალოგსა და თანამშრომლობაზე, რადგან თითოეული ჩვენგანი არის უნივერსიტეტის ნაწილი, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველი ნაბიჯი მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესების გათვალისწინებით და უნივერსიტეტის სასარგებლოდ უნდა გადავდგათ”, – ნათქვამია თსუ-ს აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით წუხელ შიმშილობა დაიწყეს.

მოშიმშილეები ვლადიმერ პაპავას კაბინეტის წინ არიან შეკრებილი და აცხადებენ, რომ საპროტესტო აქცია მანამდე არ დასრულდება, სანამ პაპავა არ დატოვებს დაკავებულ თანამდებობას.

“ჩვენ შიმშილს მანამდე გავაგრძელებთ, სანამ არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა და ვლადიმერ პაპავა არ გადადგება. ჩვენ ვცდილობთ, ამ ნაბიჯით ყველას ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ ყველაფრისთვის, რათა უნივერსიტეტის ინტერესები დავიცვათ”, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.
მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებს აზრი აღარ აქვს, რადგანაც არსებობს უნდობლობა მხარეებს შორის. რაც შეეხება სასწავლო პროცესს, საბაური აცხადებს, რომ ისინი სასწავლო პროცესს ხელს არ შეუშლიან.
პაპავას გადადგომის მოთხოვნით 25-მდე სტუდენტი შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა ვერ ახერხებს. აქციის მონაწილეთა შეფასებით, უნივერსიტეტში არის ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც მოქნილ ორგანიზმად არის გადაქცეული, რათა უნივერისტეტმა ვერ მოახერხოს სწრაფი განვითარება. სტუდენტების თქმით, გარდა ბიუროკრატიული მანქანისა, უნივერსიტეტში არის ასევე ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, რომელსაც ემატება ლექტორთა არაკვალიფიციურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები