LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვის ბრალდება, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ, მცდარია – BBC [ვიდეო]

D4E26FB0-CE79-421A-BCC1-ED4F43E73C07_w1023_r1_s

BBC-მ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაზე სიუჟეტი მოამზადა. „სიკვდილის ლაბორატორია“ – ასე ჰქვია სიუჟეტს, რომლის მიზანია გაარკვიოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს მოსკოვის ბრალდება, რომ თბილისში მდებარე ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში ადამიანებზე საშიშ ცდებს ატარებენ.

BBC-ის ჟურნალისტი, სტივ როზენბერგი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოში არსებული ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტი ამ ინფორმაციის დამამტკიცებელ საბუთებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მინისტრს, იგორ გორგაძეს სთხოვს. გიორგაძე ინტერვიუში ამბობს, რომ მას ამის დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნია.

ამის შემდეგ, კორესპონდენტის მიმართულება იცვლება – როზენბერგი ჯანდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომელს, გიორგი ხატელიშვილს უკავშირდება, გიორგაძის მიერ გავრცელებული „საიდუმლო დოკუმენტების“ თაობაზე. ხატელიშვილი ჯანდაცვის სამინისტროში 2015 წელს მუშაობდა. ის ინტერვიუში ინტერნეტით გავრცელებული დოკუმენტების ავთენტურობას ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ ეს საბუთები წარმოადგენს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებისთვის შეყვანილი პრეპარატების შესახებ ინფორმაციას. პრეპარატები, რამაც ჟურნალისტის ინტერესი გამოიწვია, „სოვალდი“ და „ჰარვონია“. „სოვალდი“ სამედიცინო მიზნით აშშ-ში 2013 წლიდან გამოიყენება, „ჰარვონი“ კი – 2014 წლიდან. ორივე მედიკამენტი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შეფასებულია „საჭირო პრეპარატებად“. ორივე მედიკამენტი საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გამოიყენება.

„უცნაურია, რომ ბატონმა გიორგაძემ ეს დოკუმენტები წარადგინა, რადგან ამ პროგრამის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცოდა. განიკურნა 36 000 ადამიანი და შესაძლოა, 200-მდე პირი გარდაიცვალა ან უკუჩვენებები აღენიშნებოდა,“ – ამბობს ხატელიშვილი.

BBC-ს ცნობით, ამ პროგრამის დროს გამოყენებულმა წამლებმა ტესტირება გაიარეს და მათი გამოყენება დაშვებულია. რეპორტაჟის ავტორი ასევე ეწვია ლუგარის სახელობის ცენტრს, სადაც როგორც მოსკოვი ამტკიცებს, „ამერიკელი სამხედროები ბიოლოგიურ იარაღზე და დრონებზე მუშაობენ“, რომლითაც „სასიკვდილო ვირუსის მატარებელი კოღოების გავრცელებაა შესაძლებელი“, თუმცა ჟურნალისტმა ამის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.

მან კითხვით მიმართა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ წარმომადგენელს, მარია ზახაროვას. პასუხად ზახაროვა შემდეგს ამბობს: „თუ თქვენ დღეს არ გაქვთ მტკიცებულებები, ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს“.

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ტელეკომპანიებმა და საგარეო უწყებამაც რამდენჯერმე გაავრცელეს ცნობა, საქართველოში ბიოლოგიური იარაღის გამოცდის შესახებ, რასაც, მათივე თქმით, მოქალაქეთა სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ცნობა თბილისში უარყვეს და რუსულ მხარეს ლუგარის ცენტრის დათვალიერება შესთავაზეს, თუმცა მოსკოვში ამაზე უარი განაცხადეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g