ცოტა ხნის წინ დასრულდა შეხვედრა საქართველოსა და ავსტრიის ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებებს შორის, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში გაიმართა. მესამე ტურის მატჩი ვენაში შედგა და საქართველოს გამარჯვებით, 64:78 დასრულდა. ეს მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე ილიას ზუროსის გუნდის პირველი გამარჯვებაა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 23 ქულით, 9 მოხსნით და 4 გადაცემით მაიკლ დიქსონი გამოირჩა, რომელმაც ჩვენს გუნდს ყველა კომპონენტში ულიდერა.
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიასთან მატჩი დიდი დანაკლისებით გამართა. გუნდს გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე და მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაეხმარნენ. შეხვედრის მსვლელობისას ტრავმა გაუმიზეზდა გიორგი ცინცაძესაც, ვისი თამაშიც მომდევნო შეხვედრაში საეჭვოა.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს საქართველოს ნაკრები კვირას, თბილისის სპორტის სასახლეში, გერმანიასთან გამართავს. საქართველოსა და გერმანიის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.