კულტურის სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მათ სფეროში არის ცენზურის მცდელობა და ბევრი სხვა პრობლემა, რომელიც დღემდე არ მოგვარებულა.
როგორც პოეტმა პაატა შამუგიამ პარლამენტში „ლელოს“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, კულტურის სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ, პარლამენტის წევრმა, ელისო ბოლქვაძემ, პირადად აიღოს პასუხისმგებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მოითხოვენ, რომ ელისო ბოლქვაძეს იუნესკოში მშვიდობის ელჩის სტატუსი ჩამოერთვას.
პაატა შამუგიას განცხადებით, შეკრების აზრი იყო ის, რომ პარლამენტისთვის ხმა მიეწვდინათ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც ზოგადად კულტურის სფეროში არსებობს.
“ამ სფეროში ნამდვილად სერიოზული კრიზისი დგას, შეიძლება ჩიხიც კი ვუწოდოთ ამ მდგომარეობას, როდესაც აბსოლუტურად დახშულია კომუნიკაცია და ჩამკვდარია დიალოგი კულტურის სფეროს წარმომდგენლებსა და კულტურის სამინისტროს შორის, რაც ბევრ სხვადასხვა ფორმაში გამოიხატება” – აცხადებს შამუგია.
მისი თქმით ამ სფეროში ყველაზე მავნებელია ის რასაც ცენზურა ჰქვია.
” ეს დავინახეთ მათ შორის „ლიტერასთან“, მწერალთა სახლთან დაკავშირებით, იქამდე წიგნის ცენტრთან დაკავშირებით. მუდმივად მიდიოდა წნეხი, კონკრეტულად მწერლობაზე ვსაუბრობ, თუმცა, ნებისმიერი სხვა სფერო, იქნება კინოცენტრი, ეროვნული თუ სხვადასხვა მუზეუმი, ყველგან არის ცენზურის მცდელობა. არათუ მცდელობა, არამედ ბევრგან უკვე განხორციელებულია ეს ქმედება.” – აცხადებს შამუგია.
პოეტის განცხადებით, ისინი მოითხოვენ პარლამენტის კულტურის კომიტეტისაგან მოვალეობის აღსრულებას.
“განსაკუთრებული ოპტიმიზმით არ ვართ განწყობილი, როდესაც ამას ვამბობთ, ვინაიდან ვხედავთ, რომ როდესაც კულტურის მინისტრი მოდის, როლები იცვლება და საკანონმდებლო ორგანომ, ნაცვლად იმისა, რომ კულტურის მინისტრისგან ჩაიბაროს ანგარიში, კულტურის მინისტრი იბარებს ანგარიშის სახით ქება-დიდებას, რომელსაც ჩვენი დეპუტატები აღუვლენენ ხოლმე, რაც სხვა თუ არაფერი, სამარცხვინოა.” – აღნიშნავს პაატა შამუგია.
“მოვითხოვთ, ქალბატონმა ელისო ბოლქვაძემ, რომელიც საქართველოს კულტურის სფეროს წარმოადგენს საკანონმდებლო ორგანოსი, აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა” პაატა შამუგია
პაატა შამუგიას განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ჩვენ ამ მტრული გარემოს, ცენზურის და უამრავი შემაფერხებელი გარემოს გამო, მოვითხოვთ მას „იუნესკოში“ მშვიდობის ელჩის ტიტული ჩამოერთვას ვინაიდან, ადამიანი, რომელიც კულტურის სფეროში მიმდინარე რეპრესიებზე თვალს დახუჭავს, არ შეიძლება, მშვიდობის ელჩად იწოდებოდეს“
ცნობისთვის, “ლელოს” ინიციატივით დღეს, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
როგორც ანა ნაცვლიშვილმა მედიასთან განაცხადა, კულტურის სამინისტრო არ უსმენს მათ, ამიტომ დღევანდელი ღონისძიება იყო ამ ადამიანებისთვის კარის გახსნა იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხმა პარლამენტს მიაწვდინონ და პროცესებში ჩაერთონ.