მშვიდობიანად ვცხოვრობთ ჩვენს ყველა მეზობელთან ერთად, გარდა ავტოკრატიული რუსეთისა, და უფრო და უფრო ვუახლოვდებით ჩვენს ეროვნულ მიზანს ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე – ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროპის ებრაული პარლამენტის ასამბლეაზე განაცხადა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კობახიძემ ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიული პრიორიტეტები გამოიხატება დინამიურ საგარეო ურთიერთობებშიც, რომელიც მიმართულია მეგობრული ურთიერთობების განვითარებისაკენ მსოფლიოს ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებთან.
„მშვიდობიანად ვცხოვრობთ ჩვენს ყველა მეზობელთან ერთად, გარდა ავტოკრატიული რუსეთისა და უფრო და უფრო ვუახლოვდებით ჩვენს ეროვნულ მიზანს ჩვენი ისტორიის ამ ეტაპზე – ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას.
საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაც განსაკუთრებულია და ჩვენ უკვე ურთიერთგაგებისა და მხარდაჭერის ახალ ეტაპს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხისათვის ღირებულებები, რწმენა და კულტურა პოლიტიკური იღბლისაგან განცალკევებულად არ მოიაზრება.
„არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრობა ღირს იმად, რომ გავაგრძელოთ ჩვენი ათასწლეულების მანძილზე არსებული ურთიერთობა ურთიერთპატივისცემის, მხარდაჭერის, აღტაცებისა და ძლიერი პარტნიორობის საფუძველზე. ვიცი, რომ მრავალი ებრაელი, რომელიც საქართველოდან ისრაელში გაემგზავრა, ძლიერ ნოსტალგიას გრძნობს თავისი მეორე სამშობლოს მიმართ. მრავალი მათგანი დაბრუნდა. მათ თავისი მეგობრებიც ჩამოიყვანეს ტურისტებად. საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა უპრეცედენტოა. ჩვენ მათ ყოველთვის მივესალმებით და ველით,“ – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.