ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს.
ინდური კომპანიების წარმომადგენლები თბილისს, მუხრანსა და კახეთის რეგიონს სტუმრობდნენ საქორწილო ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ინფრასტრუქტურის გასაცნობად. ისინი, საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით, საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდნენ.

„საქართველოსთვის საქორწილო მიმართულება ერთ-ერთი ახალი და საინტერესო მიმართულებაა. ეს ტურისტული პროდუქტი მოიაზრებს დიდი ოდენობით მაღალმხარჯველი ჯგუფების მასპინძლობას. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია – არაერთი ქვეყანა უკვე დიდი ხანია, რაც პოზიციონირებს, როგორც საქორწილო მიმართულება. ვფიქრობ, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენი ქვეყნის სტუმარმასპინძლობის სფეროს უნარი აქვს, რომ ეს ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ ახალ პროექტზე და ვმასპინძლობთ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს – ქორწილების დამგეგმავებს ინდოეთიდან“, -განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

„როგორც იცით, ინდოელები ძალიან ბევრს მოგზაურობენ, იქნება ეს ქორწილები, კორპორაციული ღონისძიებები თუ ინდივიდუალური მოგზაურობები. ისინი ყოველთვის ეძებენ სიახლეს. ყველაზე კარგი, რაც საქართველოში ვნახე, ეს კულტურისა და კერძების მსგავსებაა ინდურ კულტურასთან, რაც დიდი პლუსია. ინდოეთის ქალაქებიდან პირდაპირი ფრენები საქართველოში ძალიან დიდი უპირატესობაა. ინდოელ მოგზაურებს არ უწევთ ლოდინი გადასხდომისას. საქართველო ერთ-ერთი ძალიან ხელმისაწვდომი ევროპული მიმართულებაა. ჩვენ მრავალ სასტუმროსა და ლოკაციას ვესტუმრეთ. ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან, რაც აუცილებელია ჩვენი ჯგუფებისთვის, ეს დაგვეხმარება მარტივად ჩამოვიყვანოთ ჩვენი კლიენტები საქართველოში“, – აცხადებს ერთ-ერთი ინდური კომპანიის წარმომადგენელი იშა.

