ესტონეთში მსოფლიოში პირველი უპილოტო ავტობუსი გამოჩნდა. ამიერიდან ტარტუს ქუჩებში წყალბადზე მომუშავე ტრანსპორტით გასეირნებაა შესაძლებელი. ავტობუსი მგზავრებს ქალაქის ცენტრიდან ესტონეთის ნაციონალურ მუზეუმამდე გადაიყვანს ხოლმე.
„ევროპულსის“ ინფორმაციით, ეკოლოგიურ ტრანსპორტს თავისი მარშრუტის შესრულება ივლისიდან უნდა დაეწყო, თუმცა მოძრაობის ახალი მონაწილისთვის ქალაქის მოსამზადებლად უფრო მეტი დრო აღმოჩნდა საჭირო.
მაგალითად, ტარტუს ქუჩებში დააყენეს სპეციალური ტაბლოები, რომლებიც მძღოლებს ახალი ტრანსპორტის გამოჩენას ამცნობს და მასთან სწორ მანევრირებას ასწავლის.
უპილოტო ავტობუსი საათში 25 კილომეტრს ავითარებს და 8 მგზავრზეა გათვლილი. ის სრულად ავტოპილოტით იმართება.
ესტონური კანონის მიხედვით, უპილოტო ტრანსპორტს გზაზე მძღოლის გარეშე მოძრაობა არ შეუძლია, სწორედ ამიტომ ავტობუსში მუდმივად იქნება ერთი ოპერატორი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მართვის სადავეებს თავის თავზე აიღებს.
თუკი სატესტო გადაადგილება წარმატებული იქნება, ესტონეთის მთავრობა უფრო ტევადი მოდელის შექმნასა და მეტი მარშრუტის დამატებაზე იფიქრებს.
უპილოტო საზოგადოებრივ ტრანსპორტს ტესტავენ სხვა ევროპული ქალაქებიც. გასულ წელს მსგავსი ტრანსპორტი გამოჩნდა კოპენჰაგენის და ბერლინის ქუჩებშიც.