გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინფორმაციით, მსოფლიოში სურსათი გაიაფდა. ორგანიზაციის ცნობით, მარტში, მსოფლიოში სურსათზე ფასები მკვეთრად დაეცა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო COVID-19-ის შედეგად შემცირებული მოთხოვნით და გლობალურ დონეზე, ნავთობის ფასის ვარდნით. მათი ცნობით, ეს უკანასკნელი ძირითადად ეკონომიკური კრიზისის მოლოდინებს უკავშირდება, რადგან მთავრობები ცდილობენ სპეციალური შეზღუდვები აამოქმედონ ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად.
„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სასურსათო ფასების ინდექსი, რომელიც ყოველთვიურად ასახავს ცვლილებებს ყველაზე ხშირად გაყიდვადი სასურსათო პროდუქტების საერთაშორისო ფასებზე, შეადგენდა 172.2 ქულას, რაც თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 4.3 პროცენტით ნაკლებია. „ფასის კლება ძირითადად გამოწვეულია მოთხოვნის ფაქტორებით და არა მიწოდებით, ხოლო მოთხოვნის ფაქტორებზე გავლენას ახდენს არასახარბიელო მომავლის ეკონომიკური პროგნოზები’’,- აცხადებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი აბდოლრეზა აბასიანი.
FAO-ს შაქრის ფასის ინდექსმა ყველაზე დიდი ვარდნა აჩვენა: წინა თვესთან შედარებით, მაჩვენებელი 19.1%-ით არის შემცირებული. აღნიშნული განპირობებულია სახლის გარეთ მოხმარების კლებით, რაც თავისთავად დაკავშირებულია ბევრი ქვეყნის მიერ გატარებულ შეზღუდვებთან და ასევე, ეთანოლის მწარმოებლებისაგან დაბალ მოთხოვნასთან, მას შემდეგ, რაც ნედლ ნავთობზე ფასები მკვეთრად დაეცა.
FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსი 12.0 პროცენტით შემცირდა ერთ თვეში, რაც ძირითადად განპირობებულია პალმის ზეთზე ფასის ვარდნით და ნედლ მინერალურ ნავთობზე ფასის სწრაფი კლებით; ასევე, გაურკვევლობით, თუ რა გავლენას მოახდენს პანდემია მცენარეული ზეთის ბაზარზე მსოფლიოს მასშტაბით; სოიოსა და კანოლის ზეთის ფასებიც ამ ტენდენციას მიჰყვება.
FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსი 3.0 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებულია კლებადი კვოტებით და გლობალური იმპორტის შემცირებული მოთხოვნით მაღალი და საშუალო ცხიმშემცველობის რძის ფხვნილებზე. ეს უკანასკნელი კი გამოწვეულია COVID-19-ის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვების გამო, რძის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით.
მარტში, FAO-ს მარცვლეულის ფასის ინდექსი 1.9 პროცენტით დაეცა თებერვალთან შედარებით და თითქმის 2019 წლის მარტის მაჩვენებლის დონეზე დადგა. ხორბლის საერთაშორისო ფასი შემცირდა, ხოლო დიდი გლობალური მარაგების ეფექტებმა და სასურველი მოსავლის პროგნოზებმა გადაწონა ჩრდილოეთ აფრიკიდან გაზრდილი იმპორტის მოთხოვნის ეფექტი და რუსეთის ფედერაციის მიერ დაწესებული მცირე შეზღუდვები ექსპორტზე.
სიმინდის ფასიც შემცირდა, როგორც მნიშვნელოვნად დიდი მიწოდების, ისე ბიო-საწვავის სექტორის გაცილებით შესუსტებული მოთხოვნის გამო.
FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი 0.6 პროცენტით დაეცა, რაც განპირობებული იყო ცხვრისა და წყვილჩლიქოსანი ცხოველის ხორცზე საერთაშორისო კვოტების ვარდნით.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრინჯზე საერთაშორისო ფასი უკვე მესამე თვეა თანმიმდევრულად იმატებს.