საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესისთვის 100 საპრივატიზებო საინვესტიციო შეთავაზების შესახებ 29 ნოემბერს პრეზენტაციას გამართავს. მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ერთდროულად 100 საპრივატიზებო ობიექტი გამოვა აუქციონებზე.
„ამ რაოდენობის პარალელური აუქციონი საქართველოში არასოდეს გამართულა. ჯამში, საუბარია 150 მლნ ლარის საწყისი საპრივატიზებო ღირებულების მქონე ქონების შეთავაზებაზე. ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, ძალიან მარტივად მიიღოს სრული ინფორმაცია საპრივატიზებო ქონებაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდება და ჩაერთოს ასეთი მასშტაბური პრივატიზების პროცესში,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, ბიზნესისთვის არჩევანის გაკეთების გამარტივების მიზნით, სააგენტოს ვებგვერდზე თითოეული საპრივატიზებო ქონების შესახებ განთავსდება ერთგვარი დოსიე, აგრეთვე რეკომენდაცია, თუ რა ტიპის ბიზნესაქტივობის განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.
„აღნიშნული შეთავაზებები მორგებული იქნება იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გენერალურ გეგმებს, სადაც აღნიშნული საპრივატიზებო ქონება მდებარეობს. ასევე წინასწარ იქნება მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ერთადერთი, ბიზნესმა არჩევანი უნდა გააკეთოს საპრივატიზებო ობიექტებს შორის და მიიღოს მონაწილეობა ამ აუქციონებში, რომლებიც უახლოეს თვეებში რეგულარულად გაიმართება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, 2019 წლის ნოემბრის ბოლოდან სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სახელმწიფო ქონების პროაქტიულ გაყიდვებს იწყებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვა და დასაქმების ხელშეწყობაა.