“ამ ე.წ გეგმამ ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, რადგან ციფრები რომლებმაც გაიჟღერა საუბრობს უკიდურესად რთულ ვითარებაზე და იმაზე, რომ მთავრობა იძულებულია, მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილს შეატოვოს,”- ასე ეხმაურება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე დღეს პრემიერის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას.
ნინო ბურჯანაძის თქმით, სოციალური დახმარების ნაწილში, ხელისუფლებას უფრო მეტი თანხა უნდა გამოეყო.
სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა გეგმამ მათ კითხვებს ვერ უპასუხა და პირიქით, მეტი კითხვის ნიშანიც კი გააჩინა.
“მე, პირადად, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს საერთაშორისო დახმარების კუთხით, რადგან ვერ მოვისმინეთ კონკრეტული დეტალები, თუ რაზეა ზუსტად საუბარი. ასევე, ვერ მოვისმინე როგორ აპირებს მთავრობა, რომ უზარმაზარი საბიუჯეტო გარღვევა შეივსოს. გაუგებარია ის დაპირებები, რომელიც გაცემულია, კონკრეტულად რა წყაროებიდან და როგორ დაფინანსდება,”-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამსადაშვილმა.
პარტია “გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ხელისუფლების სხვა ოპონენტების მსგავსად, წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას, ხალხის გულის მოსაგებად შექმნილ გეგმას უწოდებს.
“ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ იმ ხალხის გული, რომლებიც ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები, რომ მათ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ “ქართულ ოცნებას”. ერთი მხრივ პენსიონერებს ეუბნებიან ყოველ წელს გაგეზრდებათ პენსიაო და მეორე მხრივ, საჯარო მოხელეებს ეუბნებიან, რომ ნუ გეშინიათო,”- აცხადებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
პარტია “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია კი ამბობს, რომ გეგმა ბუნდოვანია.
“დახმარება არის გაუგებარი, მასში არასაკმარისი კრიტერიუმებია. ისინი ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, არჩევანს აკეთებენ ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ. ეს კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაც. ამასთან, საპენსიო შენატანზე ხალხს ისევ უარს ეუბნებიან, რომელიც შეიძლება ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ,”- განაცხდა “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.
დღეს, 24 აპრილს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმა წარადგინა.გეგმის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ლარს აღწევს.
რა შეღავათები მივიღეთ და შეზღუდვების რა ეტაპებს გავივლით: მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა სრულად