მთავრობა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამას იწყებს, ამისათვის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში 3.5 მილიონი ლარია გამოყოფილი.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მომზადდა ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა “ქართული ჩაი”, რომლის ფარგლებში ეტაპობრივად განხორციელდება სახელმწიფო ბალანსზე არსებული დაახლოებით 7 ათასი ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია.
“პროექტის პირველ ეტაპზე მოხდება დაახლოებით 2 ათასი ჰექტარის რეაბილიტაცია. შეღავათები ექნებათ კოოპერატივებს. აგრეთვე ვგეგმავთ, განვახორციელოთ მცირე გადამამუშავებელი საწარმოების ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამა. დონორ ორგანიზაციებითან ერთად დაინერგება სერტიფიცირების და სტანდარტიზაციის პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია საექსპორტო პოტენციალის ხელშესაწყობად, კერძოდ, პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა დღეს მთავრობის სხომაზე დაამტკიცეს.