„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს“, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მოქმედი შეზღუდვები განიხილა. როგორც დღეს აღინიშნა, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა ინარჩუნებს წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.
შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა, საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა.
სხდომაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ისეთი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, როგორიცაა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და დამატებითი შეზღუდვების თავიდან აცილებას.
დღეს კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა აუცილებლად სჭირდება.
„მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ – კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა“.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. გამოჯანმრთელდა 47 390, ხოლო გარდაცვლილია 521 ადამიანი.