LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება

113
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებზე საუბრით დაიწყო, რამაც მთავრობას ბიუჯეტის 360 მილიონი ლარით გაზრდის შესაძლებლობას მისცა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაზრდილი ბიუჯეტი ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, თავდაცვის სფეროებსა და რეგიონული განვითარების მიმართულებაზე გადანაწილდება.

„პირველი ოთხი თვის განმავლობაში 9%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობას გვაძლევს. შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში სამომავლოდ შევა და წელს 360 მილიონი ლარი დაგვემატება. ეს ზრდა გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, ასევე რეგიონული განვითარება. მნიშვნელოვანია არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება, ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც ამის ძალიან კარგი მაგალითია”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე ტურიზმსა და ავიაციაში არსებულ მაჩვენებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელს მთავრობა ტურიზმიდან 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავლებს და თითქმის 8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს ელოდება.

„პირველ კვარტალში უკვე მილიონ 300 ათას საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ, რაც, შარშანდელთან შედარებით, 8%-იანი ზრდაა. რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, აქაც გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი – ქვეყანამ, ერთი კვარტლის განმავლობაში, 939 ათასი ტურისტი მიიღო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ავიაციის სფეროში არსებულ მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სეზონზე 13 600 ავიარეისი შესრულდება, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია.

„ევროპაში 11 ავიაკომპანია რეისებს 38 მიმართულებით ასრულებს, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი შედეგია. წელს საქართველოში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რაც ასევე ისტორიული მაქსიმუმია. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა აეროპორტებში მგზავრთნაკადის კუთხითაც – მაჩვენებელმა მილიონ 400 ათას მგზავრს გადააჭარბა. გვაქვს კარგი ტენდენციები და შესაბამისად, ოპტიმიზმის ძალიან კარგი საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები