გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ,” – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
იმის შესახებ, რომ ზვიად ციკოლიას საქართველოში საწარმოს გახსნის სურვილი ჰქონდა, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მან მთავრობისგან დაფინანსება მოითხოვა: 5 მილიონს ვიხდით აეროსმიტში, ამის ნახევარი მომეცით და ხალხს დავასაქმებ – რის გაკეთებას გეგმავს ქართველი დიზაინერი.